06 დეკემბერი 2021,   21:08
ვრცლად
სკანდალური დოკუმენტი - ლავრენტი ქირია, ვინც ია კერზაიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, სინამდვილეში არ არსებობს

კურიერის მოპოვებული დოკუმენტით დგინდება, რომ განათლების სამინისტროში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ შესული წერილის ავტორი ლავრენტი ქირიაა. წერილის ავტორს, რომელიც მინისტრს დავით აღმაშენებელს ადარებს, ია კერზაიას კი კორუფციაში ადანაშაულებს, კურიერის გადამღებმა ჯგუფმა ვერსად მიაგნო. მისამართი, რომელიც წერილშია მითითებული, არ არსებობს.

ზუგდიდის იუსტიციის სახლში მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ლავრენტი ქირიას სახელითა და გვარით რეგისტრირებული ყველა მოქალაქე წლების წინ გარდაიცვალა.

ლავრენტი ქირიას ეძებს ია კერზაიას შვილიც, თუმცა, ის ვერცერთ ოფიციალურ და არაოფიციალურ ბაზაში იპოვა. ეს გარემოება ბაჩანა შენგელიას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ანონიმური წერილი სამინისტროში დაწერეს, ინსპექტირების სამსახურის მე-6 სკოლაში შესვლა კი წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

კურიერის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ლავრენტი ქირიამ წერილი უწყებაში 8 დეკემბერს 13:34 საათზე შეიტანა. კანცელარიამ დოკუმენტი მინისტრ ბატიაშვილს ზუსტად 2 წუთში - 14:36 საათზე გადაუგზავნა. მინისტრმა კი 2-გვერდიანი წერილი ზუსტად 2 წუთში წაიკითხა, გაანალიზა და ინსპექტირების სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის გადაუგზავნა.

მიხეილ ბატიაშვილის უსწრაფესი მოქმედებები ია კერზაის ინტერესების დამცველს, ლევან მახარაშვილს, არწმუნებს, რომ სადამსჯელო ღონისძიებისთვის სცენარი წინასწარ გაწერილი იყო.

განათლების სამინისტროს კანცელარიის თანამშრომლები ამბობენ, რომ წერილის ელექტრონულ ბაზაში ატვირთვას 10-15 წუთი სჭირდება, შემდეგ წერილი სხვა დეპარტამენტს ეგზავნება და კანონის მიხედვით, ის ზუსტად 2 წუთში მინისტრ ბატიაშვილის მაგიდაზე ვერცერთ შემთხვევაში ვერ აღმოჩნდებოდა.

ასევე, ანონიმურ წერილს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები არ ახლავს. კანცელარიაში კი ირწმუნებიან, რომ პირადობის მოწმობის გარეშე წერილს არასდროს იბარებენ.

განათლების მინისტრი კურიერის კითხვებმა დააბნია და მიხეილ ბატიაშვილი გაიქცა.

ია კერზაის ადვოკატი უკვე რამდენიმე კვირაა, პროკურატურას საქმეზე გამოძიების დაწყებას სთხოვს. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ თადუმაძის უწყება გამოძიების დაწყებას ვერ ბედავს, რადგან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მინისტრის მიმართ მოუწევს.

 

დღის ამბები