ხეების ცურვის ახალი სეზონი იხსნება - ივანიშვილი ამჯერად მაგიური დატვირთვის მწვანე ნარგავებს მიადგა. სოფელ ლაითურიდან კანფეტის ხე მიაქვთ.
ტკბილი ჰოვენია, რომელიც ჩინეთიდან გასული საუკუნის დასაწყისში უცნობმა მოგზაურმა ჩამოიტანა და რომლითაც გურულები ძალიან ამაყობდნენ, ბეტონის ღობის მიღმა აღმოჩნდება.
განსაკუთრებული თვისებების გამო, კანფეტის ხის ნაყოფს ტიბეტელი ბერები სამკურნალოდ იყენებდნენ, ის პოპულარული იყო ძველ რომშიც, სადაც იმპერატორის კარზე ტკბილი ჰოვენიას ბედნიერების მომტან ხედ მოიხსენიებდნენ. ბაბილონში ამ ხის ნაყოფის კი ორგანიზმის გასაწმენდად გამოიყენებდნენ.
ოზურგეთის მერიამ ბიძინა ივანიშვილისთვის ხის გადასაცემად გრძელი სამართლებრივი გზა დაჩქარებული წესით გაიარა. ჩანიშნა საკრებულომ რიგგარეშე სხდომა, რომელმაც მერიის მიმართვის საფუძველზე, კანფეტის ხის ელექტრონულ აუქციონზე გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც კურიერის კითხვებმა დააბნია, ბიძინა ივანიშვილი თანაკლასელია.
საკრებულოს გადაწყვეტილებამ ლაითურის მოსახლეობას დიდი თავსატეხი გაუჩინა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ასწლოვანი ხეების ამოთხრის შემდეგ მათი ჭები დაშრება.
კანფეტის სამი ხიდან ივანიშვილს ყველაზე ძველი მიაქვს, დანარჩენ ორს კი ადგილზე ტოვებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით მჟავანაძე, დარწმუნებულია, რომ იშვიათი მცენარის შესყიდვა და წაღება სწორედ ივანიშვილს უნდა და უახლოეს დღეებში გამოცხადებულ აუქციონზეც სწორედ მისი კომპანია გაიმარჯვებს.
აოხრებული და გადათხრილია უზარმაზარი ტერიტორიები აჭარაშიც. ქობულეთში ჯერ კიდევ დგას ასწლოვანი, უზარმაზარი ხეები, რომლებიც ფესვებიანად მოგლიჯეს, ხის არტახებში დააპატიმრეს და ივანიშვილის ეზოში გადასატანად მოამზადეს.
კიდევ ერთი ადგილი, სადაც უახლოეს მომავალში ხეების თხრა გადაზიდვის სამუშაოები დაიწყება, ურეკია.