25 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
უვადო მოსამართლეობის კანდიდატები - გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება დასრულდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატ, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება დასრულდა. საბჭოს მდივანი კენჭს ორ ვაკანსიაზე იყრის. მას უვადოდ გამწესება თბილისის საქალაქო სასამართლოში ან სააპელაციო სასამართლოში სურს. დღევანდელი გასაუბრების დროს გიორგი მიქაუტაძესთან კითხვები ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ჰქონდათ.

შეკითხვები შეეხებოდა, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტებას და იმ სკანდალურ სიას, რომელსაც მწვავე რეაქცია მოჰყვა. გარდა ამისა, საბჭოს არამოსამართლე წევრები დაინტერესდნენ გიორგი მიქაუტაძის ურთიერთობით მიხეილ ჩინჩალაძესთან და ე.წ. კლანებთან რომლებიც სასამართლო სისტემას მართავენ.

საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ გიორგი მიქაუტაძესთან მიმართებაში ბუნებრივად ჩნდება კთხვა ხომ არ იყენებს ის დღევანდელ მდგომარეობას იმისთვის, რომ გახდეს უვადოდ დანიშნული მოსამართლე.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ფორსირებულად ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა,  შემდეგ კი სურს რომ უვადო მოსამართლე გახდეს და გასაუბრებაზე გამოდის  ბუნებრივია კითხვები ჩნდება, რომ ხომ არ იყენებს იმ შესაძლებლობას, იმ გარანტიას, იმ გავლენას, ერაც დრეს აქვს რათა გახდეს უვადოდ დანიშნული მოსამართლე,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გიორგი მიქაუტაძესთან კითხვები ჰქონდა ანა დოლიძესაც. ის ამბობს, რომ მიქაუტაძემ აღიარა მოსამართლეთა სკანდალურ სიასთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა კონსულტაციები „გუნდთან“ გაიარა.

„აღიარა, რომ სიასთან დაკავშირებით მან კონსულტაცია გაიარა ე.წ. გუნდთან. ხოლო გუნდი როგორც მან ასევე აღნიშნა არსებობს სასამართლო სისტემაში არის ერთი ხედვის, მიზნის ერთგული ადამიანების გაერთიანება,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი მიქაუტაძემ კი განმარტავს,  რომ გუნდში მან საბჭოს მოსამართლე წევრები იგულისხმა.

„საბჭოს მოსამართლე წევრებმა გავიარეთ კონსულტაციები ერთმანეთში, შემდეგ  უკვე იმ კანდიდატირებთან ვის დასახელებასაც ვფიქრობდით და ვგეგმავდით და ამის შემდეგ მოხდა  ნომინირება საბჭოს სხდომაზე და შემდეგ სხდომაზე იქნა ამ საკთხზე გადაწყვეტილება მიღებული,“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

საბჭოს მოსამართლე წევრებს გიორგი მიქაუტაძესთან შეკითხვები თითქმის არ ჰქონიათ.

დღევანდელი გასაუბრება კენჭისყრის გარეშე დასრულდა. გადაწყვეტილებას საბჭო უახლოეს კვირებში მიიღებს. 

დღის ამბები