23 აპრილი 2024,   22:16
ვრცლად
შეხვედრა ევროპარლამენტარებთან - სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს მოისმინა თუ არა კრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. სალომე ზურაბიშვილი დეტალურად არ საუბრობს, მოისმინა თუ არა არაოფიციალურ სადილზე ევროპარლამენტის დეპუტატების კრიტიკული შეფასება საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები კი ადასტურებდნენ, რომ არაოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი სწორედ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების კრიტიკას ეხებოდა. თავად სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ არჩევნების შესახებ რეპლიკა მხოლოდ ერთმა ევროპარლამენტარმა გააკეთა და შემდეგ საუბარი აღარ გაგრძელებულა.

„ერთმა პარლამენტარმა მხოლოდ ეს შენიშვნა გააკეთა, რომ გუშინ მქონდაო შეხვედრაო ამ საკითხზეო და  ამდენადო ჩვენ აქ ამისთვის არ ვართო შეკრებილიო, რომ გავიაროთო ეს დეტალურადო, ასე რომ არ ყოფილა დეტალური ამ საკითხის განხილვა.

ერთადერთი იყო მათი მხრიდან გამოთქმული სურვილი, რომ რეკომენდაციები რაც იქნება წარდგენილი მათი მხრიდან ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან  იქნება გათვალისწინებული შემდეგი არჩევნებისთვის და რა იქნება პრეზიდენტის პოზიცია და მე დავეთანხმე იმაში, რომ პრეზიდენტი იქნება ძალიან ყურადღებით, თუ როგორ იქნება ეს რეკომენდაციები გატარებული,“-ამბობს პრეზიდენტი.

არაოფიციალურ სადილზე ევროპელი დეპუტატების კრიტიკულ შენიშვნებამდე, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის  სხდომაზეც,  სადაც საკმაოდ მწვავედ შეფასდა  წინასაარჩევნოდ ე.წ. მოვალეთა შავ სიაში მყოფი 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერა.

დეპუტატებმა ცალსახად განაცხადეს,რომ ეს ნაბიჯი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ იქნა გამოყენებული.

დღის ამბები