სოფელ ხურვალეთში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 50 მეტრით გადმოწიეს და ახალი ბარიერები აღმართეს. ადგილობრივი მცხოვრები, გივი ბატონისაშვილი ამბობს, რომ რუსი სამხედროები საკუთარ მიწის ნაკვეთში 2 კვირის წინ ნახა, როდესაც ხეებს ჩეხდნენ და ტერიტორიას მავთულხლართების გასაბმელად ამზადებდნენ. მიტაცებულ ტერიტორიებს საოკუპაციო რეჟიმი ახალი გზის გასაყვანად გამოიყენებს.
ხურვალეთში ამბობენ, რომ რუსი ოკუპანტების მიზანი ახალი საცალფეხო ბილიკის გაყვანაა, რომელიც ამჟამად ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის. იმ შემთხვევაში, თუ ოკუპანტები მიზანს მიაღწევენ, ხურვალეთის სასაფლაოც მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდება.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან ხშირად იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეობასაც. როგორც ხურვალეთში ამბობენ, საძოვრად გარეკილ საქონელს უკან არასოდეს მიყვებიან. ყველაზე ხშირად მოსახლეობას თავს საძოვარზე ესხმიან, თუმცა ხშირია საქონლის გატაცების შემთხვევებიც.
სოფელი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ადგილზე საგარეო საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრების ჩასვლას ითხოვენ.
ხურვალეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს კამერებთან გამოჩენა არ სურს. ეშინიათ და ამბობენ, რომ რუსები ქართულ ტელეარხებს უყურებენ, პოლიციისა და ჟურნალისტების წასვლის შემდეგ კი ისინი ოკუპანტების პირისპირ კვლავ მარტო რჩებიან.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი