25 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
სოფელ მელექედურის მოსახლეობა მდინარეზე ქვიშა-ღორღის მომპოვებელი კარიერების ფუნქციონირების შეჩერებას ითხოვს

მელექედურელები დღეს სოფელში ჩამომავალი მდინარე ნატანების ნაპირზე შეიკრიბნენ და აღნიშნულ მდინარეზე მოქმედი ქვიშა ღორღის მომპოვებელი კარიერების ფუნქციონირების შეჩერება მოითხოვეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი გამავლობის თვითმცლელებს, რომლებიც კარიერიდან ინერტული მასალის გადატანას ახორციელებდნენ, გზა გადაუკეტა და ხელისუფლებისაგან, კარიერების შეჩერების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება მოითხოვეს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მდინარეზე კარიერების ფუნქციონირების გამო, სოფელში მდგომარეობა გაუარესებულია. ნადგურდება საძოვრები, გზები, მინდვრები, ბუნება და მდინარეზე მიმდინარე სამუშაოები საფრთხეს უქმნიან ბავშვებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ასევე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს.

„აქედან ამოღებული ინერტული მასალით ამარეგებენ დრაბინკებს. ეგ არის სადღაც რაღაცას აკეთებენ და სოფელს ანადგურებენ, არც გზას აკეთებენ და არც არაფერს. ერთი საბანაო წერტილი იყო, სადაც ბავშვები ერთობოდნენ და აჰაა,“  -  ამბობს ნაზი სალუქვაძე, სოფელ მელექედურის მცხოვრები

ადგილზე იმყოფებოდნენ, როგორც ოზურგეთის საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელები, ასევე ინერტული მასალის მომპოვებელი კომპანია ნიუ როუდის წარმომადგენლები.

ინერტული მასალის მომპოვებელი კომპანიის წარმომადგენლის თქმით,  ლიცენზია კანონიერად აქვთ აღებული და ქვიშა-ღორღის მოპოვება ხდება კანონის ფარგლებში.

 

დღის ამბები