25 აპრილი 2024,   00:12
ვრცლად
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ქობულეთის მკვიდრი გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს

ქობულეთში მცხოვრები ქეთევან ლომაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს.

როგორც თავად ყვება, მის მცირეწლოვან შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მან 3-თვიანი სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების მოთხოვნით სოციალურ სააგენტოს სექტემბერში მიმართა. მას შემდეგ სააგენტოში ყოველ კვირას მიდიოდა იმის გასარკვევად, ჩაირიცხა თუ არა თანხა, თუმცა, მას ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებდნენ.

ბოლო ვიზიტისას კი გაარკვია, რომ თანხა 4 ნოემბერს ჩაირიცხა, თუმცა, მას ამის შესახებ არ შეატყობინეს, რის გამოც, აღნიშნული დაფინანსებით ვეღარ ისარგებლა.

„ძალიან დავისტრესე, ამდენი დრო ვინ უნდა ამინაზღაუროს, როცა ბავშვს ძალიან სჭირდება ეს დახმარება, ბავშვის განვითარებას ეხება. ამ დაფინანსებით უკვე მე ვეღარ ვისარგებლებ იმიტომ, რომ 4 თებერვალს გასდის ვადა ამ 3-თვიან ვაუჩერს,“ - ამბობს ქეთევან ლომაძე.

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ ჭანტურიშვილი, ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა, ამბობს, რომ საკითხი გარკვევას საჭიროებს.

„გამორიცხულია, რომ რამე თანხა იყოს ჩარიცხული, მითუმეტეს ავადმყოფო ბავშვისთვის და მას ვინმემ არ გააგებინოს, ან ეცადოს, ხელი შეუშალოს პროცესს. ეს არ არსებობს ბუნებაში და შეუძლებელია, არსებობდეს. ამიტომ ვინ რას ლაპარაკობს, ამაზე ვერ დავეყრდნობით,“ - განაცხადა თემურ ჭანტურიშვილმა. 

დღის ამბები