24 სექტემბერი 2020,   18:30
ვრცლად
დატბორვის საფრთხე და განადგურებული გარემო - გუდამაყრის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

გაზაფხულიდან, სავარაუდოდ, შავი არაგვის ჰესის მშენებლობა დაიწყება. მთავარი ნაგებობა გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ჩოხში, აშენდება.

პროექტის მიხედვით, მდინარე, რომელსაც საკმაოდ ფართო კალაპოტი აქვს, თითქმის, მეტრნახევარი დიამეტრის მილში გაივლის.

თოვლის დნობის სეზონზე შავი არაგვი დიდდება და კალაპოტს სრულად ავსებს. ამიტომ გუდამაყარში შიშობენ, რომ მილები წყალსა და ნაშენ მასალას ვერ გაატარებს. დაგუბებული წყალი კი არაგვისპირა სოფლებს დატბორავს.

გუდამაყარში შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობა და ტურიზმია. ხეობაში ამბობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში, შემოსავლის ორივე წყაროს დაკარგავენ. საქონელი უწყლოდ დარჩებათ, ტურისტები კი მილებში მოქცეული მდინარის ნახვას აღარ მოისურვებენ.

მოსახლეობის შიშს იზიარებენ გარემოსდამცველები. ისინი ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობა არაგვის ჭალებს საფრთხეს შეუქმნის. მილებში მოქცეული მდინარიდან შესაძლოა, თევზის უნიკალური სახეობები გადაშენდნენ.

სოფელ ჩოხსა და მდინარე ბაკურხევზე ჰესებს სოლო ენერჯი ააშენებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2017 წლის მაისში დარეგისტრირდა. ის სოლო დეველოპმენტის შვილობილი კომპანიაა და ამ დრომდე მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების აშენების გამოცდილება აქვთ. შექმნიდან 2 თვეში კი, იმჟამინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა, ურთიერთგაგების მემორანდუმის გააფორმა და ამ ჰესების ასაშენებლად ტერიტორიის შესწავლა დაავალა.

კომპანიაში მოსახლეობის პრეტენზიებს არ პასუხობენ.

გუდამაყრის ხეობაში სულ 4 მიკროჰესის მშენებლობა იგეგმება. ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად საბოლოო ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, ხეობაში საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ. 

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები