30 სექტემბერი 2020,   08:00
ვრცლად
ფოტო პირველი საჯარო სკოლის სკვერიდან - სკანდალური მოსამართლეები და მმართველი პარტიის დეპუტატი ერთ კადრში 

გიორგი მიქაუტაძე, ლევან მურუსიძე, ვალერი ცერცვაძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ვანო ზარდიაშვილი - ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მაღალჩინოსნები ერთ კადრში.

ფოტოები, რომელიც სასამართლო სისტემის გავლენიანი მოსამართლეებისა და მმართველი პარტიის დეპუტატის არაფორმალურ შეხვედრას ასახავს, ტაბულამ გაავრცელა.

შეხვედრა ღამით პირველი საჯარო სკოლის სკვერში შედგა. თავშეყრის მიზეზებზე სასაუბროდ კონსპირაციული შეხვედრის არც ერთი მონაწილე დღეს კამერებთან აღარ გამოჩენილა. დეპუტატი ზარდიაშვილი კი სატელეფონო საუბარში ამტკიცებს, რომ 5-წუთიანი შეხვედრა შემთხვევითი იყო.

დეპუტატ ზარდიაშვილის თანაგუნდელისთვის მედიით გავრცელებული ფოტოები მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მეგობრობის შესახებ აქამდეც სმენიათ. ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილიც კი ფიქრობს, რომ ასეთ სამეგობროს ღამის შეკრებებზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გუშინდელი, თუნდაც შემთხვევითი, შეხვედრა სიმბოლურია და ერთობლივი ფოტოების გარეშეც, უკვე დიდი ხანია, ცხადია იმ ჯგუფის წევრთა ვინაობა, რომლებიც დახურულ კარს მიღმა, არაფორმალურად ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს გეგმავენ.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ სწორედ მსგავსი არაფორმალური კავშირები და წინასწარ, დახურულ კარს მიღმა შეთანხმებული გეგმებია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც სასამართლოს რეფორმირების სამუშაო ჯგუფი რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად დატოვეს.  

დღის ამბები