20 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
"ამ ხალხს ემუქრება საფრთხე, რომ ყველაფერი დაკარგონ და არიან საშიშები... მინდა, ეს დავუკავშირო კადრებს და ბესელიას თემას" - ანა დოლიძე

"ამ ადამიანებისგან მე უკვე არაფერი მიკვირს," - ასე ეხმაურება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის,  დიმიტრი გვრიტიშვილის, განცხადებას, რომელმაც არჩევანის ეთერში განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები იმეორებენ იმ ლექსიკას, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები იყენებენ.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი მის განცხადებებში შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ მას და ნაზი ჯანეზაშვილს, არამედ მოსამართლეებს, არასამთავრობო სექტორს.

მისი განცხადებით, რეალურად კითხვებს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხს არა დიმიტრი გვრიტიშვილი, არამედ თეა წულუკიანი უნდა სცემდეს.

„ასეთ სიტუაციაში, როდესაც აკრიტიკებენ სასამართლო ხელისუფლებას, ვინ უნდა გააკეთოს კომენტარები და ვინ უნდა ახსნას, თუ რატომ ხდება ის, რაც ხდება სასამართლო ხელისუფლებაში? ჩვენ გვყავს ერთი ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს ამ ყველაფერზე და რომელიც იმალება და ეს არის იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის სამინისტრო არის ავტორი იმ კანონებისა, რომლის საშუალებითაც იუსტიციის საბჭოს მიეცა განუზომელი ძალაუფლება, რა ძალაუფლებითაც მომსახურებიდან გავიდა საბჭოს მოსამართლე წევრები,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, დღეს სრული აღრევაა და პასუხებს ის ადამიანები სცემენ კითხვებს, რომლებიც უფლებამოსილები არ არიან.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებსაც, სისტემის ერთგულების გარდა, არაფერი უკეთებიათ, ემუქრებათ საფრთხე, რომ ყველაფერი დაკარგონ.

„ამ ხალხს, რომელმაც ძალიან დიდ ძალაუფლებას მიაღწია, თავის კომპეტენციასთან შედარებით, ემუქრებათ ძალიან დიდი საფრთხე, ამიტომ ეს ხალხი არის ძალიან საშიში. და მინდა, ეს დავუკავშირო კადრების და ეკა ბესელიას თემას. ეს ხალხი არის საშიში არა მარტო ჩვენთვის, არამედ სახელმწიფო ხელისუფლებისთვის. როდის მიიტაცებს ეს ჯგუფი სახელმწიფო ხელისუფლებას, არ ვიცი. ეს შეიძლება, ნებისმიერ დღეს მოხდეს და ძალიან მინდა, ბიძინა ივანიშვილი ამაზე დაფიქრდეს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები