19 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე - 4 სოცმუშაკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მათმა უფროსმა კი თანამდებობა დატოვა

4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე - თანამდებობიდან 4 სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა კი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა სოციალური სამსახურის მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხი. 

თამარ ბარკალაიამ შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგები მედიას გააცნო. მისი თქმით, გამოიკვეთა სოცმუშაკების გულგრილობის ფაქტი და ასევე საქმესთან მიმართებაში არსებული ხარვეზები. 

ბარკალაია ადასტურებს, რომ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში სოციალური მუშაკის ვიზიტები შესაბამისი რაოდენობის არ იყო.

"გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებულები არიან დაკავებული თანამდებობებიდან, მოკვლევის მასალები კი შესაბამის სამსახურებს გადაეცათ. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის უფროსმა,“- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

4 წლის გოგონა სანზონაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი გასულ კვირას იპოვეს. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. 

ნინო ზალინაშვილი 3 წლისა და 6 თვის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იყო. ოჯახი, რომელიც ბავშვს წლების მანძილზე უვლიდა მომხდარით შოკირებულია. 4 წლის გოგონა ბიოლოგიურმა მშობლებმა აგვისტოში წაიყვანეს და სავარაუდოდ, მას შემდეგ ძალადობის მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა. 

დაკავებულია ბავშვის დედა. საგამოძიებო უწყება ლელა ქსოვრელს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები