26 აპრილი 2024,   01:01
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ქალი თბილისის #25 ბაგა-ბაღის აღმზრდელი იყო - საქმის ახალი დეტალები 

ბაღის პედაგოგი, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს თბილისის 25-ე საჯარო ბაგა -ბაღის თანამშრომელია.

130 აბი სუბუტექსი 44 წლის ქალბატონს, სამართალდამცველებმა სამალავში აღმოუჩინეს. ის საკუთარი სახლიდან პოლიციამ, რამდენიმე დღის წინ აიყვანა.

საბავშვო ბაღში სადაც დაკავებული აღმზრდელად მუშაობდა ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე არ ჩატარებულა . თბილისის #25 საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ სამ წლიანი თანამშრომლობის პერიოდში დაკავებულისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.

„ამ ეტაპზე 5-6 წლიან ბავშვთა ჯგუფის აღმზრდელი იყო. სამი წელია ამ ბავშვებს მოჰყვებოდა. სამი წელია ჩვენი ბაღი არსებობს და მასშემდეგ დასაქმებული იყო ჩვენთან. ძალიან ცუდი ფაქტია თუ ეს დამტკიცდა. ბაღში არაფერში არ იყო ადამიანი შემჩნეული. არანაირი შენიშვნა, არანაირი საყვედური სამი წლის განმავლობაში მის მიმართ არ ყოფილა. იმიტომ, რომ იყო საკმაოდ კარგი თანამშრომელი,“-განაცხადა თბილისის #25 საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორმა თიკო ნოზაძე.

დაკავებულს დადებითად ახასიათებენ იმ ბავშვების მშობლები, რომელთა შვილებიც მის ჯგუფში იყვნენ. თუმცა ისინი ამბობენ იმასაც, რომ კარგი იქნებოდა თუ ბაგა ბაღში მუშაობის დაწყებამდე აღმზრდელებს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდებათ.

„ძალიან გაგვიკვირდა იმიტომ, რომ ძალიან დადებითი პიროვნება არის. პირველიც მაგასთან სწავლობდა და იმიტომ შემოვიყვანე ამ ბაღში, რომ ჯგუფში მაგასთან მოხვედრილიყო ,“-განაცხადა აღსაზრდელის მშობელმა მირანდა მიქაბერიძემ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ძიძას 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

დღის ამბები