21 ოქტომბერი 2020,   18:11
ვრცლად
ე. წ. პიჯაკების საქმე - ადვოკატი ბექა ბასილაია მოსამართლემ პროცესიდან გააძევა

ე. წ. პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესი კამათის ფონზე მიმდინარეობდა. თემურ ჯანაშიას ადვოკატი, ადვოკატი ბექა ბასილაია ე. წ. პიჯაკების საქმის პროცესიდან მოსამართლემ გააძევა. მანამდე კი ის მოსამართლისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორჯერ დაჯარიმდა.

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაიკითხა. პროკურორები ადვოკატების შეკითხვებს აპროტესტებდნენ. ადვოკატ ბასილაიას შეფასებით, მოსამართლე და ბრალდება პროცესზე ერთ მხარეს წარმოადგენდა.

გამომაძევა მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა, ამ პროცესს საერთო სასამართლო პროცესთან არაფერი არ აქვს. მიმდინარეობს ერთი დიდი ფარსი. პროკურორი და მოსამართლე დგანან აბსოლუტურად ერთ პოზიციაზე, ოღონდ მოსამართლე კიდევ უფრო ბრალმდებლის პოზიციაზე დგას, როდესაც მოწმე ამბობს დაცვის მხარისთვის სასარგებლო ჩვენებას, ამ დროს პროკურორები ერთვებიან, აწყვეტინებენ მოწმეს ისე, რომ სრულიად უკონტექსტოდ და კარნახობენ მათთვის მისაღებ პასუხს. აქ პრობლემა არის ის, რომ მოსამართლე კოჭლამაზაშვილი არ ახორციელებს მართლმსაჯულებას. ეს არის ფარსი, რაც ამ პროცესზე მიმდინარეობს,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია მოსამართლის ქცევას არა ობიექტურად აფასებს.

„თვითონ მოსამართლის ქცევა ძალიან არა ობიექტურია სასამართლოზე, რის გამოც მოხდა რაც მოხდა. დარბაზიდან გააძევა ჩემი ადვოკატი, რომელიც მე ვთვლი, რომ ძალიან კარგად ასრულებდა თავის საქმეს,“ - აცხადებს თემურ ჯანაშია.

პროკურორ გიორგი მუჯირის თქმით, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხრიდან არასწორად ინტერპრეტირებული კითხვები ისმოდა, რასაც ბრალდების მხარე აპროტესტებდა.

„ადვოკატის კითხვები გაპროტესტებული იქნა ბრალდების მხარის მიერ სწორედ იმ საფუძვლით, რომ რიგ შემთხვევებში, არა რელევანტური იყო, ხოლო რიგ შემთხვევებში, ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი. ათეულობით კითხვა იქნა გაპროტესტებული ბრალდების მხარის მიერ, სხვადასხვა საფუძვლით,“ - აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები