ოპოზიცია შეთანხმდა - 25 პარტია "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" გარდა ხელს აწერს მოთხოვნას მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების შესახებ.
საერთო შეთანხმებას წინ ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და დაძლევის ერთადერთ გზა სამართლიანი საარჩევნო გარემოა.
მოქმედ პარლამენტში "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, მიუხედავად ამისა ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლების იძულება მაინც შესაძლებელია და ამის ერთადერთი ბერკეტი, ოპოზიციისა და საზოგადოების ერთიანობაა. პარტიები მილიონი ხელმოწერის შეგროვებას აანონსებენ.
პოლიტიკური პარტიები პარლამენტს ოფიციალურად უახლოეს დღეებში მიმართავენ. სპეციალური ბლანკების მიღების შემდეგ კი დაიწყებენ რეგიონებსა და დედაქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრებს. ოპოზიცია გეგმავს, რომ ყველა ქალაქსა და სოფელში ხალხს აუხსნას რატომ არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლა.
დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა "რუსთავი 2"-ის ეგიდით გამართული დისკუსია, რომელზეც პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა სწორედ საარჩევნო სისტემა განიხილეს. მილიონი ხელმოწერის შეგროვების იდეაც სწორედ მაშინ გაჩნდა.