26 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
საპატრულო პოლიციის უფროსის სავარძელი ვაკანტურია - "კურიერის" ინფორმაციით, კუპატაძის პოსტი საეჭვო ბიზნეს გარიგებებმა იმსხვერპლა

საპატრულო პოლიციის უფროსის სავარძელი ვაკანტურია. თეიმურაზ კუპატაძემ პოსტი ისე დატოვა, რომ გადადგომის მიზეზებზე არაფერი უთქვამს, თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი საკვანძო დეპარტამენტის პირველი პირის სავარძელი საეჭვო ბიზნეს გარიგებებს ემსხვერპლა და კუპატაძე მინისტრმა გახარიამ დააქვეითა.

თეიმურაზ კუპატაძე მუშაობას ისევ შს სამინისტროში გააგრძელებს, ის დააქვეითეს და სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.  

თემურ კუპატაძის მიმართ კითხვები ოპოზიციას შესაძლო კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებითაც უკვე რამდენიმე თვეა აქვს. ერთ-ერთი 2018 წლის 22 მარტს შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლებისთვის უნიფორმების შეძენისთვის გამოცხადებული ტენდერია. 

კომპანია "ინდუსტრიულმა ჯგუფმა", რომლიც კუპატაძის სიმამრს, ავთანდილ ტაბუცაძეს ეკუთვნის, არასრულად წარდგენილი დოკუმენტების გამო ტენდერში ვერ გაიმარჯვა, თუმცა ტენდერში გახარიას უწყებამ კომპანია "ჯეო ტექსტილს" გაამარჯვებინა, რომელიც მომსახურებას 47 ათასი ლარით ძვირად სთავაზობდა. თუმცა დოკუმენტები ადასტურებს რომ, გამარჯვებულმა კომპანია "ჯეო ტექსტილმა" ხელშეკრულება საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრის კომპანიასთან გააფორმა და მთელი ფული მას გადაუხადა. 

ოპოზიციამ ამ საქმეზე პროკურატურას განცხადებით ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა. თუმცა საეჭვო ტენდერთან დაკავშირებით, გამოძიება არ დაწყებულა. თემურ კუპატაძის გათავისუფლებას ოპოზიცია ფორმალურ ცვლილებად აფასებს. „ქართული ოცნება“ კი მისი მუშაობით კმაყოფილია.

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი თანამდებობაზე მუშაობის დროს არაერთ სკანდალში გაეხვა. მათ შორის იყო ველისციხეში განვითარებული მოვლენები, როდესაც თელავში საპროტესტო აქციაზე მიმავალ ოპოზიციას საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა. მაშინ თემურ კუპატაძე ოპოზიციის ლიდერებს რამდენჯერმე პირადად, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

საპატრულო პოლიციის შეფი მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა პარლამენტის წინ, შვილმკვდარი მამების აქციებზეც. თემურ კუპატაძის დაქვეითების მოტივის შესახებ გახარიას უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.

დღის ამბები