19 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
დარღვევები ქართული ჭიდაობის ფედერაციაში - აუდიტის სამსახურმა გენერალურ პროკურატურას მიმართა

დარღვევები ქართული ჭიდაობის ფედერაციაში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა. სამართალდამცავ ორგანოს სრულად გადაეგზავნა ჭიდაობის ფედერაციის 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

აუდიტის დასკვნის შედეგად რამდენიმე სახის დარღვევა გამოვლინდა. 2016-2017 წლებში შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის დახარჯული 32 ათასი ლარიდან, 29 ათასი ფედერაციის პრეზიდენტის შვილზეა გაცემული.

დასკვნის მიხედვით, ფედერაციამ ტურნირის გამარჯვებულისთვის პრეზიდენტის შვილების კომპანიიდან ბინა ბაზრის კვლევის გარეშე შეიძინა. ასევე, ფედერაციის წარმომადგენლებმა  ვიქტორინის გამარჯვებულებისთვის  მობილური ტელეფონები შეიძინეს, თუმცა ვიქტორინის ჩატარება დოკუმენტებით არ დასტურდება.

„ ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები, რომლებიც არის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, შეიცავს ფიქტიური გარიგების ნიშნებს. ეს არის შრომითი საქმიანობის სფეროში, ასევე არის კონკრეტულად ფიქტიური ღონისძიებები, რომლებიც რეალურად არ განხორციელებულა და მაზე გადახდილია და ანაზღაურებული არი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად,  მასალები გადაეცა სამართალ დამცავ ორგანოებს, კონკრეტულად პროკურატურას შემდგომი შესწავლისა და მოკვლევისათვის,“- აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შეყილაძე.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ბრალდების პასუხად ამბობს, რომ მისი მხრიდან  დანაშაულის შეგნებულად ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„ხვალ და ზეგ უკვე შეიკრიბებიან ჩემთან იურისტები, ადვოკატები და თუ რამე დანაშაულია და სახელმწიფო ფიქრობს, რომ დანაშაულია, მე ბოდიშს მოვუხდი ქვეყანას, მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქვეყნისთვის და საქართველოსთვის რამე დანაშაული შეგნებულად არ ჩაგვიდენია,“- ამბობს ბერუაშვილი.

დღის ამბები