20 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
ენერგოომბუდსმენი ღია წვის გამაცხელებლის რეალიზაციის აკრძალვას ითხოვს

ქეთევან წამებულის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას ენერგოომბუდსმენი ეხმაურება და ღია წვის გამაცხელებლის რეალიზაციის აკრძალვას ითხოვს. წინასწარი ინფორმაციით, დღეს 7 ადამიანი სწორედ CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ აპარატში შემუშავებულია კონკრეტული წინადადებები, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე გააცნეს. ასევე ის ადმინისტრაციულ კოდექსში რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზეც საუბრობს.

ენერგოომბუდსმენის აპარატში გვაქვს მთელი რიგი წინადადებები, რომელიც უკვე გავაცანით საქართველოს პარლამენტს და ვაპირებთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ამ თემაზე შეიქნება. ამავდროულად, აუცილებლად მიმაჩნია, გამკაცრდეს რეგულაციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სადაც მოქალაქეს დაევალება პირდაპირ, რომ დაემორჩილოს შესაბამისი კომპანიის მითითებებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მთელი ტვირთი, უსაფრთხოების დაცვაზე ეკისრება კომპანიას, რომელიც გვაწვდის მომსახურებას. სახელმწიფოს ჩართულობა შეიძლება გამოიხატოს ისეთი დანადგარების რეალიზაციიდან ამოღებაში, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს იწვევს,“ - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

ღია წვის და კუსტარული გამათბობლის აპარატები, რომელმაც, სავარაუდოდ, დღეს 7 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ბაზარზე უპრობლემოდ იყიდება.  

გამათბობლების რეალიზატორები ამბობენ, რომ გამათბობელი ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდის. მათი თქმით, დაბალი ფასის გამო, მასზე მოთხოვნა დიდია. გამათბობლის ფასი ბაზარზე 40 ლარიდან იწყება.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე, წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. შვიდივე გარდაცვლილი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო.  

ამავე თემაზე
დღის ამბები