19 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
"სოლიდარულები ვართ ეკა ბესელიას მიმართ" - ფრაქცია "ქართული ოცნების" განცხადება

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება" პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გავრცელებას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება უზნეო და ამორალური ქმედებაა. განცხადებაში ასევე წერია, რომ პირადი ცხოვრების უზრუნველსაყოფად როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.

„რამდენიმე დღეა არ წყდება ინფორმაციის გაშუქება იმის შესახებ, რომ ხდება ჩვენი ფრაქციის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. დღემდე ის საკითხიც კი, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, ეჭვქვეშ იდგა. თუმცა, დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთი კადრები გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც.

მიგვაჩნია, რომ ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა და შესაბამისი კადრების გავრცელება არის ერთ-ერთი ყველაზე უზნეო, ამორალური ქმედება და უმძიმესი დანაშაული, რასაც მყისიერი რეაგირება სჭირდება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში დადგინდეს, ვინ დგას ამ ფაქტის უკან. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ უმკაცრესად, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ამორალური დანაშაულის ჩადენა და გაფიქრებაც კი.

ჩვენ ბოლომდე სოლიდარულები ვართ, როგორც ჩვენი ფრაქციის წევრის, ეკა ბესელიას, ასევე ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც შეიძლება ასეთი უზნეობის მსხვერპლი გახდეს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ განსხვავებულ აზრს ან პოზიციას აფიქსირებს რომელიმე თემაზე - არსებობს საკითხები, სადაც ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და საბოლოოდ დავამარცხოთ ასეთი უღირსი მოქმედებები. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მის უზრუნველსაყოფად როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები