16 თებერვალი 2025,   13:15
ვრცლად
ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის ბრალდება - დაკავებულები სპეცრაზმს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ

ქურდულ გარჩევაში მონაწილეობისთვის დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გამოძიება მათ ქურდულ სამყაროსთან კავშირს და ბიზნესმენისთვის კრიმინალური ავტორიტეტის დახმარებით, ფულის გამოძალვას ედავება.

სასამართლო პროცესზე, დაკავებულები სპეც რაზმს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ. ორი დღის წინ, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ლაშა სირბილაძე ამტკიცებს, რომ სახლში სპეცრაზმელებმა ავტომატის ლულა მის რვა წლის შვილსაც მიუშვირეს.

5-ვე დაკავებულს პროკურატურა საქმის ქურდული წესებით მოგვარებას ედავება. საქმის მასალებში წერია, რომ მათ ბიზნესმენ ჯენერი მესხიასთან ფინანსური უთანხმოება, ინტერპოლით ძებნილი კანონიერი ქურდის, სულხან თვალჭრელიძის დახმარებით მოაგვარეს. საქმის მასალებით, ამ შეხვედრაზე კრიმინალური ავტორიტეტი skypet-ით ჩაერთო და ბიზნესმენს მოდავეებისთვის ფული მიცემა დააკისრა. 

საქმეში არსებული ამ მტკიცებულების მიუხედავად, ბრალდებულები დღეს სხდომაზე ამტკიცებდნენ, რომ უცხოეთში მყოფ კანონიერ ქურდს არ იცნობენ.

სადავო შეხვედრა 27 იანვარს ცისარტყელას ქუჩაზე, ბადრი ქარელიშვილის სახლში შედგა. მას გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. სიმსივნით დაავადებული ქარელიშვილი მოსამართლეს დღეს არწმუნებდა, რომ ბრალდებულებს არ იცნობს.

დავა დაზარალებულსა და ბრალდებულ მერაბ კაჭკაჭაშვილს შორის, რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კაჭკაჭაშვილი ამბობს, რომ მას და მესხიას საერთო სამშენებლო ბიზნესი ჰქონდათ, მესხია საკუთარ მოვალეობებს არ ასრულებდა და 27 იანვარს ერთმანეთში ურთიერთობა უნდა გაერკვიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები