18 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
საინკასაციო მანქანის დაყაჩაღება - დაკავებული პოლიციელისა და მის თანამზრახველისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

ლიბერთი ბანკის საინკასაციო მანქანის დაყაჩაღების საქმე - ამ წუთებში ზუგდიდში, სამხარეო პოლიციაში დანაშაულისთვის დაკავებული ორი პირისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები მიმდინარეობს. ომარ ხუხუას, რომელიც  განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელია და გელა ჯიქიას გამოძიება ხუთი მუხლით ედავება.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული ომარ ხუხუა და გელა ჯიქია ლიბერთი ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს. შემთხვევის დროს დაიჭრა ინკასატორი.

პოლიციამ ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღო იარაღები, ნიღბები და 100 ათას ლარზე მეტი თანხა, რომელიც მათ საინკასაციო მანქანიდან გაიტაცეს. ასევე ნაპოვნია მანქანა, რომელიც საინკასაციო მანქანის დაყაჩაღებამდე იარაღის მუქარით ბოროტმოქმედებმა ელექტროქვესადგურის თანამშრომელს წაართვეს. სწორედ გატაცებული მანქანით იმყოფებოდნენ საინკასაციო მანქანის დასაყაჩაღებლად თავდამსხმელები. 

ომარ ხუხუა და გელა ჯიქია დანაშაულს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარე დღეს მიმართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები