ორდღიანი დუმილის შემდეგ თავდაცვის უწყებამ ჯარში ფულის გამოძალვის ფაქტი დაადასტურა.
საგანგებო ბრიფინგზე სამხედრო პოლიციამ გამოძიების წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა.
დადგინდა, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრში ახალწვეულებს ფულს ნამდვილად სძალავდნენ, სცემდნენ და მათ საბანკო ბარათებს ეუფლებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ იმ დანაყოფის მეთაურებს, რომელის წევრებიც ძალადობაში ბრალდებულები არიან.
ჯარში ფულის გამოძალვის ამბავი გუშინ კურიერმა გაახმაურა. ნაცემი სამხედრო რუსთავი2- თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვებოდა, როგორ გააღვიძეს ღამით, სცემეს და ფულის მიტანას სთხოვდნენ.
დღეს ირკვევა, რომ რიგითი გახრამანოვი ერთადერთი სამხედრო არ არის, ვისზეც კრწანისის სასწავლო ცენტრში ძალადობდნენ. სამხედრო ნაწილიდან ჯარისკაცს სხვა ახალწვეულმა წერილი გამოატანა, რომელშიც ის ოჯახს დახმარებას სთხოვს და გაუსაძლის მდგომარეობაზე ყვება.
წერილის ავტორი ჯარისკაცი ამ დრომდე კრწანისის სასწავლო ცენტრში რჩება. მთელი დღის განმავლობაში მისი მშობლები სამხედრო ბაზის შესასვლელენთან იდგნენ და შვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ მათ შეხვედრის დრო რამდენჯერმე გადაუწია, თუმცა, ბოლოს ჯარისკაცის მამას შვილთა შეხვედრის უფლება მაინც არ მისცა.