20 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
მოიპარეს ფუნთუშები, ქათამი, 1 კგ ხორცი და თაფლი, წაიღეს მანქანა და ვაზი, გაქურდეს არჩილ თალაკვაძეც - კრიმინალი იზრდება

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი კრიმინალს ზრდის. მოიპარეს მანქანა. წაიღეს ფუნთუშები, ქათამი და 1 კგ, ხორცი. გაქურდეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც. 

არჩილ თალაკვაძის ბინაში, რომელიც ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში მდებარეობს, ქურდმა ვერანდიდან შეაღწია, მესამე სართულის ვერანდაზე კი ეზოდან აძვრა. დამნაშავემ თალაკვაძის სეიფი მოხსნა და წაიღო. სეიფში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, ფული და იარაღი ინახებოდა.

პოლიციამ დამნაშავე მალე დააკავა. თუმცა, ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ქურდობის შედეგად დაზარალებულები დამნაშავეების დაკავებას და დაკარგული ნივთებით დაბრუნებას უშედეგოდ ელოდებიან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში რამდენიმე სახლი ერთმანეთის მიყოლებით გატეხეს. გოგიტაძეების საცხოვრებელ სახლში დამნაშავეები აბაზანის ფანჯრიდან შეძვრნენ. წაღებულია 350 ევრო და ბიჟუტერია.

სოფელ ბანოჯაში შავ ტანსაცმელსა და ქუდებში გამოწყობილი მძარცველები ახვლედიანების სახლშიც შევიდნენ. ამ შემთხვევაში ქურდებს არ გაუმართლათ, რადგან პატრონი სახლში დახვდათ, რის გამოც, აივნიდან გადახტნენ და გაიქცნენ.

ბანოჯაში კიდევ ერთი დაზარალებული არძევანიძეების ოჯახია. სახლში ორი უცნობი გვიან ღამით მაშინ შევიდა, როდესაც ყველას ეძინა. თუმცა, წამლის დასალევად გამოღვიძებულ მეპატრონეს შეეჩეხნენ. დამნაშავეები გაიქცნენ, მაგრამ ჩანთებიდან და საფულეებიდან ამოცლილი 600 ლარის წაღება მაინც მოახერხეს.

წყალტუბოში გვიან ღამით ორმა პირმა რკინის საკეტი გატეხა და სათავსო ოთახში მთავარი კარიდან შევიდა. მათ სარდაფიდან 8 ათასი ლარის ღირებულების თაფლი გაიტანეს და გარეთ დატოვებული მანქანის საბარგულში ჩატვირთეს. წყალტუბოს პოლიციამ ორივე დააკავა. ნაქურდალი თაფლი კი პოლიციაში ნივთმტკიცებად წაიღეს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში დამნაშავეების სამიზნე გახდა წყალტუბოში მდებარე რამდენიმე სუპერმარკეტიც. ერთ-ერთი გამყიდველი ყვება, რომ თავდამსხმელებმა ფულის ამოღება დანის მუქარით მოსთხოვეს.

ბოლო ორი კვირაა, მძარცველები აქტიურობენ ზესტაფონშიც. ერთმანეთის მიყოლებით იქ ავტომომსახურების რამდენიმე ცენტრი გაძარცვეს. დამნაშავეებმა, დაახლოებით, 20 წუთში წაიღეს მექანიკური და ელექტროხელსაწყოები, სულ 1500 ლარის ღირებულების. მეპატრონე ადგილობრივ სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს.

ჯერ უცნობია, ვინ წაიღო 50 მეორადი საბურავი ზესტაფონის ავტომომსახურების კიდევ ერთი ცენტრიდან, რომელიც დილით სამსახურში მისულ მეპატრონეებს გატეხილი დახვდათ.

ასევე, რამდენიმე დღის წინ დამნაშავეებმა 3500-ლარიანი ლითონის შემდუღებელი აპარატი ღამით წაიღეს. მოპარულ ნივთს თბილისში, ერთ-ერთ სახელოსნოში, მიაკვლიეს, პოლიციასაც გააგებინეს, თუმცა, მეპატრონის ინფორმაციით, დაკავებული არავინ არის.

ბოლო რამდენიმე დღეში ზესტაფონში რამდენიმე ავტომობილი მოიპარეს და გაძარცვეს. ზესტაფონის ცენტრში სუპერმარკეტი მაგნიტი 35 ლარისა და 4 კოლოფი სიგარეტისთვის გატეხეს.

ბოლო დღეების განმავლობაში ძარცვის არაერთი ფაქტის შესახებ აცნობეს კურიერს გორის მცხოვრებლებმაც. ავტოსარემონტო ცენტრში 5 მანქანა გატეხეს. სუნამოს და სელფის ჯოხის გამო გატეხეს ავტომობილი გორის ცენტრში. რამდენიმე დღის წინ გატეხეს გორში მაღაზია ლიბრეც. წაღებულია ფული, თუმცა, მეპატრონეებმა ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ არ იციან. გამოძიება მიმდინარეობს.

ბათუმში კი მძარცველების სამიზნე საკონდიტრო გახდა. ტკბილეულის მაღაზია ბოლო 3 თვეში უკვე მესამედ გატეხეს.

კახეთში ვაზი მოიპარეს. ჯუმბერ სოლომნიშვილს 9 მწკრივად გაშენებული 770 ძირი ვაზიდან ერთიც კი არ დაუტოვეს. გამოძიება დაწყებული.

საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბოლო სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის იანვარში გამოაქვეყნა. ერთი თვის განმავლობაში 2452 ასეთი დანაშაულია ჩადენილი, 37%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე ინფორმაციით, შემცირებულია საქმეების გახსნის მაჩვენებელი. 

 

ავტორები: ია გულიაშვილი, ედიშერ მუშკუდიანი, იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები