20 აპრილი 2024,   20:02
ვრცლად
სროლა პოლიციის ეკიპაჟის მისამართით - სამართალდამცველები შსს-ს ყოფილი თანამშრომლის შვილს ეძებენ

სროლა გურიაში - ცეცხლი სამართალდამცველებს გაუხსნეს. "კურიერის" ინფორმაციით, პირი, რომელსაც პოლიცია ეძებს და სამართალდამცველებზე თავდასხმაშია ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შვილია.

"კურიერის" ინფორმაციით, სოფელ ძიმითში მომხდარ ინციდენტზე ყოფილი პოლიციელის შვილს, 21 წლის ირაკლი თავდიშვილს ეძებენ. ფაქტს მისი ნათესავებიც ადასტურებენ.

შემთხვევა ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში 19 მარტს მოხდა. საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერებული მანქანის მძღოლმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლისას დაზიანებული პატრულის მანქანა ამ დროისთვის გურიის პოლიციის ავტოსადგომზე დგას. სამართალდამცავებზე თავდასხმის მუხლით გამოძიება დაწყებულია, თუმცა მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, დამნაშავე დაკავებული არაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მანქანა გადამოწმების მიზნით, დაახლოებით ღამის 11 საათზე გააჩერა. მგზავრმა კი პოლიციის მიმართულებით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ძიმითში მომხდარის დეტალებზე ადგილზე მყოფი სამართალდამცავები არ საუბრობენ. სოფელში სროლის ხმა ბევრმა გაიგო, თუმცა ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან და ამბობენ, რომ დეტალები არ იციან.

გამოძიება მომხდართან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს. ძებნილ თავდიშვილს დაკავების შემთხვევაში ან დაუსწრებლად ბრალს პოლიციაზე თავდასხმისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენებენ.

 

ავტორი: ლადო მენაბდე

ამავე თემაზე
დღის ამბები