25 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრო მფრინავი ქალის წინააღმდეგ - სასამართლო პროცესი გადაიდო 

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მფრინავი ქალის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა გადაიდო. მიზეზი დღევანდელ მოსამზადებელ პროცესზე, დაცვის მხარის მიერ სამინისტროდან მტკიცებულებების გამოთხოვის შუამდგომლობა გახდა, რომელიც საქმეს შესაგებელი სარჩელის დასამტკიცებლად უნდა დაერთოს.   

მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პროცესი გადადო.

მფრინავი, ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ მის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტები დროულად არ მიაწოდა.

„მტკიცებულებები თავის დროზე, როდესაც გამოვითხოვეთ, თავდაცვის სამინისტრომ დროულად არ მოგვაწოდა და დროში გაწელა ეს პროცესი, დოკუმენტების რაღაც ნაწილი მოგვაწოდა თან, იმიტომ არ იყო დღეს ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი. დოკუმენტები რომ არ მქონდეს მტკიცებულებად მხოლოდ სიტყვიერზე არც ვილაპარაკებდით,“ - ამბობს მფრინავი.

"ადამიანთა უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელი დიმიტრი ნოზაძე, რომელიც მფრინავის ინტერესებს იცავს ამბობს, რომ პირგასამტეხლო და ჯარიმა, რომელიც უწყებამ ეკატერინე ქვლივიძეს დააკისრა, ყოველგვარ გონივრულ ზღვარს სცილდება.

„თავდაცვის სამინისტრო გაურბის პასუხისმგებლობას მის მიერ არ შესრულებულ ხელშეკრულების პირობებზე და ცდილობს, რომ მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ქალბატონ ეკატერინე ქვლივიძეზე,“ - განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.

მფრინავი თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. უწყება კი ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სთხოვს. 

დღის ამბები