24 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
ექსკლუზივი - "კურიერმა" დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც ირკვევა, რომ ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება

ექსკლუზივი - კურიერმა დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც ირკვევა, რომ მმართველი გუნდი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება.

კონტრაქტი სახელმწიფო კომპანიამ მსოფლიოში ცნობილ იურიდიულ ფირმასთან 2019 წლის 15 მარტს გააფორმა.

ხელშეკრულებით White & Case-ს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სახელმწიფოს სახელით დადებულ კონტრაქტში ცვლილებების მომზადება ევალება.

კონტრაქტის მესამე მუხლი მიუთითებს, რომ მმართველი გუნდი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაწყვეტად ემზადება. 

White & Case მსოფლიოში ცნობილი იურიდიული კომპანიაა, საუკუნოვანი ისტორიით. მისი მომსახურებით ცნობილი ფირმები და არაერთი ქვეყანის მთავრობა სარგებლობს. ამ კომპანიასთან უკვე დიდი ხანია, თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებაც. ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს ვაით ენდ ქეისი ქართულ მხარეს წარმოადგენდა საერთაშორისო დავებში, როდესაც ხელისუფლებას პრობლემები რომელიმე ინვესტორთან ექმნებოდა.

ქართული ოცნების ხელისუფლება ამჯერად ამერიკულ კომპანიას ანაკლიის საქმის გამო ქირაობს და ხელშეკრულების მომსახურებაში 47 ათას დოლარს უხდის.

ოპოზიციამ კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტში ხელისუფლების რეალური მიზნები ამოიკითხა, რომლითაც მამუკა ხაზარაძის და თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ნამდვილი მოტივი იკვეთება.

მაშინ, როცა ხელისუფლება ღიად საპირისპიროს ამტკიცებს, რეალურად ბიძინა ივანაშვილის დავლებით, მმართველი გუნდი საუკუნის პროექტის ჩაგდებას ან მის შეფერხებას ცდილობს.

ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილების შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა შეერთებულ შტატებში რუსთავი2-გან შეიტყო, სადაც ლევან ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე შეხვედრებს ამერიკელ პარტნიორებთან მართავენ.

ანაკლიის პორტის მშენებლობაში მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფმა 70 მილიონი დახარჯა. თუ ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, დავის საგანი, სავარაუდოდ, ზარალის ანუ ამ თანხის ანაზღაურება გახდება.

სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ მთავრობა ხაზარაძის ჩამნაცვლებელს უკვე ეძებს და ამ თემაზე მოლაპარაკებები ჩინურ კომპანიასთან აქვს. არაფორმალური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ანაკლიის კონსორციუმშიც აქვთ.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ხაზარაძის ბიზნესჯგუფი ცდილობს, ამერიკის ხელისუფლებას საქართველოში ბიზნესზე ზეწოლის შესახებ აცნობოს.

თიბისი ბანკის დამფუძნებლის პარტნიორი და პროექტის მთავარი დამფინანსებელი ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი კონტი ჯგუფია. ამიტომ ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პორტი მხოლოდ ბიზნესპროექტი არ არის და მისი მშენებლობა შტატების სტრატეგიულ ინტერესებშიც შედის.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ კონტრაქტის დეტალებს არ იცნობენ და ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შესაძლო გაწყვეტის გეგმას არ ადასტურებენ.

ამერიკულ კომპანია White & Case-სთან გაფორმებული გარიგების დეტალებით დაინტერესებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე გეგმავს.  

 

დღის ამბები