23 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
ახალგაზრდების ცოცხალი ჯაჭვი დავით გარეჯში - აქციის მონაწილეები ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ

დავით გარეჯში მოქალაქეებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს. საქართველოს დროშებით აღჭურვილმა ახალგაზრდებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემა დროზე მოაგვაროს და ჩვენი ქვეყნის კუთვნილი ტერიტორია დაიცვას. აქცია სოფელი უდაბნოდან, საგარეჯოდან და თბილისიდან ჩასულმა ახალგაზრდებმა გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან უნდა გაფორმდეს რაიმე სახის ხელშეკრულება, სადაც ოფიციალურად იქნება დადგენილი, რომ არასდროს აზერბაიჯანი აღარ დაარღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და არ შემოვა დავითგარეჯის ტერიტორიაზე.

მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც.

„ეს არ არის უბრალოდ  მონასტერი ან უბრალოდ ისტორიული ძეგლი. ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდა საქართველო და ქართველი ხალხი და ამის დათმობა გამორიცხულია. მე ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი აღმოჩნდა დღეს გარეჯში და ეს არის ალბათ ერთადერთი ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ რომ ჩვენმა ხელისუფლებამ იგრძნოს პასუხისმგებლობა,“-განაცხადა მწერალმა დავით ტურაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯში ვითარება 25 აპრილს დაიძაბა, როდესაც აზებაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს. მოგვიანებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გზა გაიხსნა, თუმცა აზერბაიჯანელები აცხადებდნენ, რომ ეს დროებითი იყო. 

დღის ამბები