კრემლის სქემის კიდევ ერთი ნაწილი - „პატრიოტთა ალიანსი“ სახელმწიფო ნეიტრალიტეტის თემაზე დისკუსიების გააქტიურებას გეგმავს. პოლიტიკურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის სწორედ ნეიტრალიტეტია საუკეთესო საერთაშორისო მოდელი. პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ამ იდეას მხარდამჭერები ხელისუფლებაშიც ეყოლება.
უკვე დააანონსეს, რომ ჯერ მედიას შეხვდებიან დახურულ ფორმატში, შემდეგ კი ნეიტრალიტეტის შესახებ დისკუსიას პარლამენტში გახსნიან. ადა მარშანია მარტო არ არის. „ოცნებიდან“ ახლახანს წასული მირიან წიკლაურიც ფიქრობს, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მომხრეები ხელისუფლებაშიც გამოჩნდება.
ალიანსის ინიციატივას უკიდურესად საზიანოდ მიიჩნევენ ოპოზიციაში. პროდასავლური პარტიები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთთან პირისპირ დარჩენა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება და ატლანტიკური თავდაცვის სისტემა საუკეთესო გამოსავალია კრემლიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად.
სერგი კაპანაძე ამბობს, რომ საქმე უკიდურესად საშიშ თამაშთან გვაქვს და რეალურად „პატრიოტთა ალიანსი” "ქართული ოცნების” გზავნილებს ახმოვანებს, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ნეიტრალიტეტის თემის გააქტიურებაც და პრეზიდენტის განცხადებაც, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების მომხრე არაა, ერთი დიდი, რუსული პოლიტიკის ნაწილია.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია ამ საკითხზე ნათელია და ბრალდებები- უსაფუძვლო.
ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ გეგმა რუსეთში დაიწერა. ნეიტრალიტეტის მცირერიცხოვან მომხრეთ პასუხად კი ექსპერტები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ კოლექტიური თავდაცვა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ნეიტრალიტეტი, როცა თავი მარტომ უნდა დაიცვა.