20 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
როენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს - რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ "მამიდა" წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

როენა ხუცურაული, მეტსახელად მამიდა, მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ხუცურაული, სამართალდამცველებმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გუშინ აიყვანეს.

"მამიდასთან" ერთად, დაკავებულია კიდევ ორი ქალბატონი - სასტუმრო "მამიდას" მოიჯარე, მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი. სამივე მათგანს გამოძიება, პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას ედავება. ბრალს დაკავებულებს ოფიციალურად ხვალ დილით წაუყენებენ. 

ბრალდებულებთან შესახვედრად, ცოტა ხნის წინ, მათი უფლებადამცველი მივიდა. ადვოკატი ამბობს, რომ როენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს.

„ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა, დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება გაჟღერებულ პოზიციას, რომ თითქოს პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს არის გამორიცხული. იქიდან გამომდინარე,რომ მას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება გლდანის ტერიტორიაზე , სასტუმროს სახით, ეს კონსტიტუციური უფლებაა, თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა, იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა,“-ამბობს ადვოკატი არჩილ დავითაშვილი.

იმის გამო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი არ იყო, როენა ხუცურაული საკანს შს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილში ელოდა. მას „რუსთავი2“-ის გადამღები ჯგუფის მისვლამდე ხელბორკილებიც არ ეკეთა.

მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი კიდევ ერთი ბრალდებული ზინაიდა ქორიძე. მათთან ერთად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი ნინო დარბიაშვილი.

როგორც როენა ხუცურაულის მეზობლები ამბობენ, დაკავება ღამის საათებში მოხდა. მათი თქმით, ხუცურაულის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა.

„ორი სამი წელია სულ სახლშია. აქ ცუდი არაფერი შეგვიმჩნევია, არც არავინ მოჰყავს და არაფერი. დაახლოებით იქნებოდა პირველი საათი, სპეცოპერაცია იყო, ბევრნი იყვნენ ძალიან, სახლიც დაჩხრიკესო. ადვოკატს დავურეკავო გოგომ თქვა. წაიყვანეს, წამლები და რაღაცეები წაიღეს იქ დასჭირდებაო,“-ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

დღის ამბები