17 აპრილი 2024,   00:38
ვრცლად
მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა - ადვოკატის თქმით, პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები განზრახ არ ჩაატარა

მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ხელისუფლებამ და პროკურატურამ განზრახ, გამიზნულად არ ჩაატარა - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ყოფილი პრემიერის ციხის საკნიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა. გიორგი ჩივიაშვილი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ამ საქმეზე ყოფილ პრემიერს გამოკითხავენ.

მერაბიშვილის გამოკითხვის მოთხოვნის შუამდგომლობით პროკურატურას ადვოკატმა მიმართა. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი მოთხოვნა. ყოფილი პრემიერის ინტერესების დამცველი ასევე ითხოვდა, რომ მერაბიშვილი დაზარალებულად ეცნოთ და ასევე ჩატარებულიყო მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. 

ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველის თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილებით, რომ ყოფილ პრემიერს გამოკითხავენ, არაფერი შეიცვლება, რადგან რეალურად პროკურატურამ ფაქტის გამოსაძიებლად არაფერი გააკეთა. ვანო მერაბიშვილს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გამოკითხავენ. 

„დამიკავშირდნენ დღეს და მითხრეს, რომ  მზად არიან, მოახდინონ მისი გამოკითხვა, როგორც მოწმის. რომ გითხრათ, ეს რაიმეს ცვლის, არ ცვლის იმიტომ, რომ ხელისუფლების პოზიცია დღემდეც არის, რომ მათ წარადგინეს სტრასბურგში შემდეგი სახის პოზიცია, რომ გამოძიება ჩაატარეს და მერაბიშვილის გაყვანის ფაქტი არ დადასტურდა. პირდაპირ მიუთითა ხელისუფლებას მინისტრთა კომიტეტმა, რომ მოახდინოს იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც მერაბიშვილი გაიყვანა ციხიდან და ახდენდა მასზე ზეწოლას. ვითხოვდით დაზარალებულად ცნობას, მის დამატებით დაკითხვას, როგორც დაზარალებულის. ვითხოვდით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, რომელიც ხელისუფლებამ და პროკურატურამ განზრახ, გამიზნულად არ ჩაატარა,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები