25 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
ლელა შკუბულიანმა შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა - ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

„ლელა შკუბულიანმა შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა,“ - ასე აფასებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას. ფრიდონ სიხუაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცრუ ჩვენება არ მიუცია.

„ლელა შკუბულიანმა დღეს გამოაცხადა არასამართლიანი განაჩენი, მან შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა დღევანდელი ხელისუფლების, გენერალური პროკურატურის და  შსს-ს, ის გახდა მონაწილე იმ სიბინძურის, რომელი სიბინძურეც დ.ღ-ს მიმართ დაიწყო შსს-მ, პროკურატურამ და დღეს დაასრულა სასამართლომ, ლელა შკუბულიანმა,“ - განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.

პროკურორი, ბესიკ ქვარცხავა ამტკიცებს, რომ საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე სცნო დამნაშავედ დ.ღ. სასამართლომ.

„ეს სისხლის სამართლის საქმე არის ცალკე წარმოება, ცალკე სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც დგინდებოდა და დასტურდებოდა, რომ არასრულწლოვან ბრალდებულს ჩადენილი ჰქონდა როგორც ცრუ ინფორმაციის მიწოდება გამოძიებისთვის, ასევე ცრუ ჩვენების მიცემა სასამართლოსთვის, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ეს იყო წარდგენილი ბრალდების შინაარსი,“ - განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარდგა. განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა ბრალდებულმა. არასრულწლოვანი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში 9 თვე გაატარა, თუმცა 15 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა და გათავისუფლდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები