20 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
"ჩემს ცხელ სუნთქვას ივანიშვილი კეფაზე მუდმივად შეიგრძნობს" - მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური გეგმებით უკრაინაში ბრუნდება

მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური გეგმებით უკრაინაში ბრუნდება. ინაუგურაციის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ ერთ-ერთი პირველი განკარგულებით პოროშენკოს ხელმოწერილი დოკუმენტი გააუქმა, რის საფუძველზეც ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა აღუდგა.

მიხეილ სააკაშვილი, დაახლოებით, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, კიევში ხვალ დაბრუნდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში ვლადიმერ ზელენსკის თანამოაზრის სტატუსით ჩადის.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს არის ოლიგარქიის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მალე საქართველოზეც გავრცელდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კურიერთან ინტერვიუში ამბობს, რომ კიევში დაბრუნებით არ აპირებს, უარი თქვას ქართულ პოლიტიკურ გეგმებზე.

„კიევში ჩასვლით მე ვარ ბევრად უფრო ახლოს თბილისთან და ბევრად უფრო ახლოს შუშის სასახლესთან. სად ევროპიდან მუშაობა და სად კიევიდან. ჩემს ცხელ სუნთქვას ივანიშვილი კეფაზე მუდმივად შეიგრძნობს. არ ვაპირებ, საქართველო ჩავაბარო ამ უწიგნურ, მდაბიო ხალხის მტერს, საქართველოს მტერს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება მისმა თანაგუნდელებმა ოლიგარქიის კიდევ ერთ მარცხად და სამართლიანობის აღდგენად შეაფასეს.

მმართველი გუნდი კი ზელესკის გადაწყვეტილებამ დააბნია. ქართული ოცნების წევრები უკრაინის ახალი პრეზიდენტის პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს ეჭვით უყურებენ.

უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვა. ოფიციალურ მიზეზად მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოდესის ყოფილი გუბერნატორის მეირ კონსტიტუციის მე-19 მუხლის დარღვევას ასახელებდა, რომლის მიხედვით, სააკაშვილმა ანკეტის შევსების დროს არასწორი ინფორმაცია მიუთითა.

მოგვიანებით სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს, თუმცა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლონეთიდან უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა გადაიყვანეს. ამის შემდეგ პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებამ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეები აღძრა, რომელიც პოლიტიკურ დევნად და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშსწორებად შეფასდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები