20 აპრილი 2024,   08:27
ვრცლად
ძალადობა, წამება და გაუპატიურების მუქარა 16 წლის მოზარდზე - შს მინისტრი კითხვებზე პასუხებს გაურბის

16 წლის მოზარდზე სამართალდამცველებმა იძალადეს და სასტიკად აწამეს - ამას პროკურორ გიორგი ლობჟანიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ადასტურებს.

აღნიშნული დოკუმენტის მიუხედავად, პასუხისგებაში ამ დრომდე მხოლოდ ერთი სამართალდამცველია მიცემული. გაუპატიურების მუქარაში დადანაშაულებული აკაკი უგრეხელიძის წინააღმდეგ არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა და მისთვის არც უფლებამოსილება შეუჩერებიათ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი ჟურნალისტებთან მაინც ამტკიცებს, რომ ყველა პოლიციელი დასაჯეს, ვინ საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა, მათ შორის აკაკი უგრეხელიძეც.

გიორგი გახარიას განცხადება, რომ გამოძიების დაწყებისთანავე ჰქონდათ რეაგირება, წინააღმდეგობაში მოდის გაუპატიურების მცდელობაში დადანაშაულებული პოლიციელის ოჯახის წევრებთან. ისინი ამბობენ, რომ აკაკი უგრეხელიძე მოქმედი პოლიციელია.

თავისივე თანამშრომლების დანაშაულზე დასმულ დამატებით კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გაექცა. კონკრეტული პასუხი არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების მცდელობის საქმეზე არც გიორგი გახარიას მოადგილეს ჰქონდა.

დაზარალებული ოჯახი უკვე 3 თვეა, რაც უშედეგოდ ითხოვს, ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას. 16 წლის მოზარდის ოჯახის წევრებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართეს და დააანონსეს, რომ არ გაჩერდებიან, ვიდრე მოქალაქეებზე მოძალადე პოლიციელები უმკაცრესად არ დაისჯებიან.

ძალადობის ამბის შესწავლა დაიწყო ცენტრ „ემპათიამაც,“ სადაც საქმის ზედაპირული დათვალიერებითაც შენიშნეს, რომ იკვეთება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნები.

16 წლის მოზარდი ქურდობის საქმისთვის 12 თებერვალს დააკავეს. ამ დღესვე კი თანამზრახველების დასახელების სურვილით 10-მდე პოლიციელმა მას განყოფილებაში სცემა. ამის შემდეგ ბოლნისელები ყველას დასჯას უშედეგოდ ითხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე 4 პოლიციელის ვინაობა გამოძიებისთვისაც ცნობილია, პატიმრობაში ჯერ ისევ მხოლოდ ერთია.

დღის ამბები