24 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
კორუფციული სკანდალი აჭარაში - დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ

დაახლოებით, სამი საათია, ბათუმის საქალაქო სასამართლო ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის და მასთან ერთად დაკავებული 6 მაღალჩინოსნისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობს. სასამართლო სხდომაზე ამ წუთებში მხარეების შუამდგომლობებს ისმენენ.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დაკავებულებს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ.

პროკურორის თქმით, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აჭარის პროკურატურაში კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურა შვიდივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარე ამბობს, რომ მათი გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მაღალჩინოსნების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„სახეზეა მილიონ 370 ათას 76 ლარის ზიანი, ასევე ის საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ თავისუფლებაში ყოფნის პირობებში ბრალდებულები შეიძლება მიიმალონ, ხელი შეუშალონ მტკიცებულების მოპოვებას, ჩაიდინონ ახალი დანაშაული, რაც ცალსახად აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საფუძველია. მიმდინარეობს აჭარის პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. ეს არის ანალოგიური სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად, გამოძიების პროცესში შესაძლოა, დადგეს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი და გაიზარდოს ბრალდების მოცულობა, იგივე პირებთან მიმართებაში,“ - განაცხადა პროკურორმა, რამაზ შავაძემ.

დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ბრალდების მხარის დასაბუთება აბსურდული და უსაფუძვლოა. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების მოტივი არ არსებობს, რადგან ისინი გამოძიებასთან ორი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ.

„დასაბუთება, რაც ბრალდების მხარემ განაცხადა, ფაქტობრივად, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, უკანონო იმიტომ, რომ ადამიანი წლების განმავლობაში, როდესაც გამოძიება მიმდინარეობდა, არაერთხელ გამოცხადდა გამოძიებაში და მისცა ჩვენებები. შემდგომში აგრძელებდა საქმიანობას და ის არის პიროვნება, რომელიც დღე და ღამ ცდილობდა, ქალაქისთვის და სამშობლოსთვის კეთილი საქმე ეკეთებინა და დღეს ედავებიან აბსურდულ თემებზე, რაც არის გაფლანგვა,“ - განაცხადა გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა, ჯემალ კიკნაძემ.

სამ დაკავებულს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბათუმის მერიის დაკავებულ კიდევ ოთხ თანამშრომელს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტ „იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია კონვენტ ჯორჯიას ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს.

 
დღის ამბები