19 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
"მავნებლობა!" - ბიზნესმენები იმპორტის გადასახადის ვადის 30-დან 5 დღემდე შემცირებას აფასებენ

ხელისუფლების სიურპრიზი, რომელმაც ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. 31 მაისს ფარულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აქციზის გადამხდელ კომპანიებს იმპორტის გადასახდელის გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდა. სიახლე ეხება ე.წ. "ოქროს სიაში" მყოფ კომპანიებსაც, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ.

ახალ რეგულაციებს შოკად აფასებენ ბიზნესმენები. მათი თქმით, სიახლის შედეგად არ არის გამორიცხული კონკრეტულმა კომპანიებმა საკუთარი საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლონ. კიდევ ერთ მთავარ პრობლემად იმპორტიორები ხელისუფლების მხრიდან მათთან კომუნიკაციის არ არსებობას ასახელებენ და პროდუქციის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობენ. რატომ დასჭირდა ხელისუფლებას მსგავსი ცვლილების მიღება - კონკრეტული პასუხი ბიზნესმენებს ამ ეტაპზე არ აქვთ. ახალი კანონი ძალაში 12 ივნისიდან შედის.

„ეს იყო ჩემთვის შოკი, იმიტომ, რომ არასდროს, ათეული წლების განმავლობაში ჩვენი სამსახური ისე მუშაობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. ეს არის პირველი. ესე იგი, გაუფრთხილებლობა და არა ინფორმირება იყო სახელმწიფოს მხრიდან, რაც იყო ცუდი ჩვენთვის. სულ უნდა ნახევარ საათიანი პრეზენტაციის გაკეთება, სახელმწიფო რატომ ცვლის რეგულაციებს. ნაადრევი გადახდის გამო ბევრი გადასაწყობი ექნება ბევრ ბიზნესმენს. შეიძლება ზოგიერთმა ბრუნვიდან ამოიღოს ფული, შეიძლება ფული დეფიციტი გაუჩნდეს ამასობაში. გადაეწყობიან, მაგრამ აი, დანაკარგი ექნებათ. უფრო კომფორტულიდან გადავდივართ არაკომფორტულ სიტუაციაზე,“- თემურ ჭყონია.

”British American Tobacco”-ს კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე კი ახალ რეგულაციებს მავნებლობას უწოდებს და ხელისუფლებას ბიზნესმენებთან  კომუნიკაციას უწუნებს. სხვიტარიძის თქმით, ბიზნესი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება.

„სრულიად არანაირი კომუნიკაცია არ ხდება, ანუ პოსტფაქტუმ ვიგებთ იმ რეგულაციის შესახებ, რომელიც შემდეგ კვირაში შედის ძალაში. ხდება ბიზნესის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება და 30 დღის ვადის ნაცვლად, 5 დღეში გვეუბნებიან, რომ გადაიხადე გადასახადებიო. ეს შეუძლებელია. ამით პირდაპირ ხდება საქართველოს საინვესტიციო იმიჯის დაზიანება. არ ვიცი, ვინ აკეთებს ამას. ეს არის მავნებლობა სამწუხაროდ,“- ზვიად სხვიტარიძე.

დღის ამბები