20 აპრილი 2024,   10:21
ვრცლად
დასახიჩრებული ცხედრები და გზავნილი მოკლული ცოლ-ქმრის შვილს: „ედიკ გელოდებით“ - სასტიკი მკვლელობა გარდაბანში

გარდაბანში ხანდაზმული ცოლ-ქმარი სადისტურად დახოცეს. 84 წლის ისკანდერ მუსაევი და მისი მეუღლე შაფიკ მუსაევა წამებით მოკლულები ნათესავებმა იპოვეს. მამაკაცი საპირფარეშოში, ქალი კი აბაზანაში ნახეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ დაზიანებები ორივეს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით ჰქონდათ მიყენებული. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს სახე იმდენად დასახიჩრებული ჰქონდათ, რომ ამოცნობაც კი გაუჭირდათ.

სასტიკი მკვლელობის ოფიციალური მოტივი ამ დროისთვის უცნობია, არაოფიციალურად კი რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, რომელთა შორის ერთ-ერთი შურისძიებაა. ამ ვერსიას არ გამორიცხავს არც გარდაცვლილების შვილი, რომელიც რუსეთიდან დღეს ჩამოვიდა. მშობლების სასტიკი მკვლელობის საქმეში მისთვის ბევრი საეჭვო გარემოებაა. ის ამბობს, რომ სახლიდან წაღებულია მშობლების ფულადი დანაზოგიც.

წარწერა, რაზეც მოკლულების შვილი საუბრობს, თვითმხილველებმა სახლში ნახეს. მინაწერი კედელზე „ედიკ გელოდებით“ ნათესავებს აფიქრებინებს, რომ მოხუცი ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობით მათი ერთ-ერთი შვილი გაამწარეს.

ახლობლები პირად საუბარში ამბობენ, რომ ედიკ მუსაევს რუსეთში ბიზნესი და კრიმინალურ სამყაროსთან პრობლემები აქვს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს მკვლელობაც ე.წ. კანონიერი ქურდების შეკვეთილი იყოს. ამ ვერსიაზე ღიად საუბარს მოკლულების ნათესავები ერიდებიან.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები