23 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
ექვსი გასროლა და სამი სასიკვდილო ჭრილობა - 65 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით ჩაცხრილეს

ექვსი გასროლა და სამი სასიკვდილო ჭრილობა - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში 65 წლის შახარ ჯემალოღლი საკუთარი სახლის ეზოში დაცხრილეს და მისი მეუღლე კი თავში მძიმედ დაჭრეს. ქალს ჭრილობა თავის არეში საფანტის ტყვიებით აქვს მიყენებული. მამის ცხედარი და მომაკვდავი დედა გვიან ღამით შვილმა იპოვა. სოფელ ხიდისყურში სროლის ხმას პანიკა მოჰყვა.  

პოლიციელები სოფელ ხიდისყურში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც სასტიკი მკვლელობის ადგილზე მუშაობა „კურიერმა“ დაიწყო. სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით სახლი დღის მეორე ნახევარში, დანაშაულიდან 15 საათის შემდეგ, კამერების საჩვენებლად შემოსაზღვრეს. მანამდე იქ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ ყოფილა.

ერთ-ერთი ვერსიით, 65 წლის შახარ ჯემალოღლის ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია მისივე ნათესავმა, ნაზიმ კურბანოვმა ესროლა და ადგილზე მოკლა. 38 წლის ნაზიმ კურბანოვი დღეს დილით სოფლის მიმდებარედ დააკვეს. 

მოკლულის ნათესავები დილიდანვე ამბობდნენ, რომ დანაშაული კურბანოვმა ჩაიდინა, მოტივად კი 30 წლის წინანდელ საქმეზე შურისძიებას ასახელებდნენ. 90-იანების დასაწყისში ბრალდებულის ბიძა მოკლეს, მაშინ ამ მკვლელობისთვის შახარ ჯემალ ოღლი დააკავეს და სასჯელი მოიხადა. სოფელში ვარაუდობენ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი მასზე შური მოკლულის ოჯახმა იძია. მეზობლები ყვებიან, რომ მკვლელობას წინ ოჯახებს შორის კონფლიქტი უძღვოდა, თუმცა გუშინ ღამე მათ ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.  

ბრალდებულის ჩხრეკისას პოლიციელებმა ცეცხლსასროლი და სანადირო იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნაზიმ კურბანოვს ბრალად განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სავარუდო დამნაშავე ნასამართლევი ერთხელ უკვე იყო. საპატიმრო მან, დაახლოებით, ერთი წლის წინ დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები