25 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
ფოთში 22 წლის გოგო მეუღლის ბიძამ დაჭრა

ფოთში 22 წლის გოგო მეუღლის ბიძამ დაჭრა. ინციდენტი ნაბადის უბანში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ჭრილობები სახისა და გულმკერდის არეში, სავარაუდოდ, სამზარეულოს დანით ჰქონდა მიყენებული. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრილი ქუჩაში თავად გამოვიდა და შველას ითხოვდა. მეზობლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა გახდა ინციდენტის მიზეზი. მათივე თქმით 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და იგი წარსულში ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევია.

დაჭრილი კი მკურნალობას კლინიკაში გადის. ექიმების ინფორმაციით, მას ზედაპირული ჭრილობები აქვს და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულში ბრალდებული ვ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.    

დღის ამბები