20 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
საპროცესო გარიგება ტრეფიკინგის აღიარების სანაცვლოდ - იური სუსლიაკი სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერს ასაჯაროებს 

საქართველოს პროკურატურა ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის ოჯახს გარიგებას სთავაზობს. იულია სუსლიაკს საპატიმროდან გაუშვებენ იმ შემთხვევაში, თუ 10 შვილის დედა დანაშაულს აღიარებს. შალვა თადუმაძის უწყების წინადადება დაკავებულის მეუღლეს ანონიმურმა პირმა გადასცა. ის იური სუსლიაკს კიევში, 8 ივნისს დაუკავშირდა.

სკანდალური სატელეფონო ზარის აუდიო ჩანაწერი იური სუსლიაკმა დღეს გაასაჯაროვა. ის თვლის, რომ საქართველოს პროკურატურა მძიმე სიტუაციიდან გამოსვლას ცდილობს. იური სუსლიაკი ამტკიცებს, რომ გამოძიებას მისი მეუღლის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს და საქმის შეწყვეტა საპროცესო შეთანხმებით სურს.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის მეუღლე ამბობს, რომ იულია სუსლიაკისთვის არ არსებული დანაშაულის დაბრალებას სამართალდამცავები თავიდანვე შანტაჟით და მოწმეებზე ზეწოლით ცდილობდნენ.

მისივე თქმით საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, რომ ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა თვითონაა, 4 კი მისი და იულიას საერთო შვილია. ამის მიუხედავად, იულია სუსლიაკი პატიმრობაში რჩება, სწორედ ამიტომ იური სუსლიაკი ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყებებს ამ საქმეში სხვა ინტერესი აქვთ.

სუსლიაკის ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებები განსაკუთრებით უკრაინის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ შეშფოთდნენ. ამაზე იური სუსლიაკთან განხორციელებული ზარის თარიღიც მეტყველებს. დაკავებული ქალის მეუღლეს პროკურატურის სახელით ბავშვების უკრაინაში წაყვანის შემდეგ დაუკავშირდნენ.

ადვოკატი თვლის, რომ გავრცელებულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. პროკურატურაში კი დღეს გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. მათი თქმით, გუშინ საქმის პროკურორმა უკვე განაცხადა, რომ სუსლიაკებთან საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. 

დღის ამბები