19 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
პოლიციის გატაცებული მანქანა - არასრულწლოვანის ოჯახი საქმის გაყალბებაზე საუბრობს 

კრიმინალური პოლიციის ავტომობილის გატაცებაში ბრალდებულ მოზარდს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არასრულწლოვანს, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი პრობლემა შეუქმნა, ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. დღეს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარიას უწყების მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ოფიციალური ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ძალოვანების ვერსია, რომ მანქანის გატაცების დროს მოზარდი ნასვამ მდგომარეობაში იყო ალკოტესტმა არ დაადასტურა.

ადვოკატი ამბობს, რომ გურამიშვილის ქუჩაზე, საიდანაც 17 წლის ახალგაზრდამ ავტომობილი გაიტაცა ბევრი ვიდეო კამერაა, ამის მიუხედავად საქმეში ვიდეო მტკიცებულებები არ დევს. ადვოკატის თქმით, ასევე გაუგებარია, რატომ არ ახორციელებდა საპატრულო პოლიცია დევნის ოპერაციას. ქეთევან გაგოევა ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. 

ალკოტესტით შემოწმებული იქნა და მას არ დაუდგინდა თრობა. დუმილის უფლება გამოიყენა,დანაშაულს არ აღიარებს,თავს არ ცნობს დამნაშავედ. ჩვენ, ალბათ, დაცვის მხარე გავასაჩივრებთ ხვალისთვის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რაც შეეხება დაცვის მხარის სტრატეგიას, მე შევათანხმებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და შევარჩევთ მისთვის უკეთეს სტრატეგიას,“-აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ქეთევან გაგოევა.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ საქმეში ბევრი მტკიცებულებაა. თუმცა ნათია კიკალიას თქმით, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება საქმის დეტალებსა და მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს. 

„უშუალოდ კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვერ მოგახსენებთ,თუმცა საქმეში არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზემოთ აღნიშნული დანაშაულებები მის მიერ არის ჩადენილი,“-აცხადებს საქმის პროკურორი, ნათია კიკალია.

არასრულწოვნის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საქმეში ბევრი საეჭვო გარემოებაა. დაკავებულის ახლობელი ამბობს, რომ 17 წლის მოზარდს სამართალდამცველები ადრეც ემუქრებოდნენ, სწორედ ამიტომ, ფიქრობენ, რომ საქმე გაყალბებულია და სამართალდამცველები მათი ოჯახის წევრს მძიმე დანაშაულს აბრალებენ. 

დღის ამბები