საფრანგეთში უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს. ოქროს ბურთის სამგზის მფლობელი ყოფილი ფეხბურთელი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის - კატარის შერჩევის პროცედურას უკავშირდება.
63 წლის პლატინი უეფას 2007 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2015 წელს მას ეთიკური ნორმების დარღვევისთვის 8 წლით უფლებამოსილების შესრულება აუკრძალეს. თავად ყოფილი ნახევარმცველი ყველა ბრალდებას უარყოფს.
გახმაურებულ საფეხბურთო კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება ორი წელია, მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა უამრავი მაღალჩინოსანი გამოკითხეს, მათ შორის FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ზეფ ბლატერიც.
პლატინი დაკავების შემდეგ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს.