19 აპრილი 2024,   06:11
ვრცლად
ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გამოყენება - საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში 23 მეწარმე მისცა

ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა 23 მეწარმე პასუხისგებაში მისცა. 17 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 6 ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.

საქმე ეხება უსაქონლო ოპერაციების სქემას, რომლითაც დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით მეწარმეები იმპორტირებული საქონლის განბაჟებას ახდენდნენ.

უწყების ინფორმაციით, ყალბი აქტივების რაოდენობამ 85 მილიონი ლარი შეადგინა. ბოლო მონაცემების თანახმად, აღნიშნული ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს  30 მილიონი ლარის ზარალი მიადგა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით ქმნიდნენ ყალბ აქტივს, რომელსაც შემდგომში იყენებდნენ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად, ნავთობპროდუქტების განბაჟებისთვის  განკუთვნილი გადასახადების გადახდისა და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულების დაფარვისათვის. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ფიქტიურად შექმნილ აქტივის ოდენობა აღემატება 85 მილიონ ლარს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა,“- განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვაჟა ფანოზიშვილმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ბრალდებულების წრეც გაიზარდოს.

დღის ამბები