19 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
ოპონენტები მთელ ძალას ახმარენ იმას, რომ საზოგადოებას დაუხატონ სურათი თითქოსდა რუსული გეგმა ხორციელდება - გიორგი ვოლსკი

„ჩვენი ოპონენტები მთელ ძალას ახმარენ იმას, რომ საზოგადოებას დაუხატონ სურათი ისე, თითქოსდა აქ რაღაც რუსული გეგმა ხორციელდება,“  - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან სხვა სიმაღლეზე გადავიდა. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ ქვეყანას ზიანი მიაყენონ, მათ შორის, ეკონომიკური.

„ერთი მხრივ, ჩვენი ოპონენტები მთელ ძალას ახმარენ იმას, რომ ჩვენ საქართველო, ჩვენი ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად სხვა მაღალი კატეგორიის ურთიერთობებში გადავიდა დასავლეთთან, აშშ-ის თუ ევროკავშირის ურთიერთობების ფორმატში, ცდილობენ, რომ საქართველო გამოიყვანონ, წარმოადგინონ ისე, საზოგადოებას დაუხატონ სურათი ისე, თითქოსდა აქ რაღაც რუსული გეგმა ხორციელდება. მეორე მხრივ, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რათა რუსეთთან ურთიერთობები იმ ფონზე განავითარონ, როდესაც ჩვენ ეკონომიკური მაქსიმალური ზარალი შეიძლება მივიღოთ. ეს გეგმა, რასაკვირველია, მთლიანობაში, მიზნად ისახავს დესტაბილიზაციას, ძლივს მიღწეული და შენარჩუნებული ამ სტაბილური პროცესის დანგრევას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში რუსი დეპუტატის მიერ ასამბლეის სპიკერის ადგილიდან გაძღოლამ, მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია.  მოსახლეობამ სერგეი გავრილოვის ქვეყნიდან უკან გაბრუნება მოითხოვა და პარლამენტის წინ აქცია გამართა. აქციები დარბევით დასრულდა. 

სერგეი გავრილოვმა კი რუსეთში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ რადიკალებს სახელმწიფოს გადატრიალება ჰქონდათ განზრახული. მან საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა, ამ მიმართულებით დაიწყოს გამოძიება, პროცესში კი რუსი სამართალდამცავებიც ჩაერთვებიან.

გუშინ კი რუსეთის პრეზიდენტმა ტურისტული ემბარგო გამოაცხადა, რის შედეგადაც საქართველოში 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა რუსეთთან აიკრძალება.

დღის ამბები