01 დეკემბერი 2021,   23:03
ვრცლად
ძალას, რომელსაც იყენებს ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინაშე, უპირისპირდება ათმაგი უკუძალა - ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფება 

პარლამენტის წინ აქციაზე პოლიტიკოსები მივიდნენ. ისინი გეგმავენ, რომ შეკრებილებს სიტყვით მიმართონ. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.

აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, გახარიას გადადგომისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს.

„ყოველგვარ ძალას, რომელსაც იყენებს ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინაშე, უპირისპირდება ათმაგი უკუძალა და ეს არის ხალხის ძალა,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

გიორგი გახარია რომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ამაზე საუბრობს „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავაც.

„ქართულ ოცნებას თუ უნდა, თავის გემი გადაარჩინოს, ეს ტოქსიკური ტვირთი უნდა გადააგდოს, მათი გემი ამ ხალხს არ აინტერესებთ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ქვეყნის ბედი და გვინდა ისეთი თამაშის წესები, რომ გამორიცხული იქნება აწი სადამდე უნდა იყოს ქვეყანა ისე, რომ ყოველი მისი მინისტრი დასაჭერად იყოს გამზადებული. წინა მინისტრები თუ ციხეში სხედან, რა ლოგიკით ასცდება ციხეს გახარია, არანაირი ლოგიკით,“ - განაცხადა უგულავამ.

აქციის მთავარი იდეა, რომ ქვეყნის თავისუფლებაა, ამაზე ისაუბრა საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა, ირაკლი წერეთელმა.

ხელისუფლების ქმედებებს, ახალგაზრდების ნების წინააღმდეგ წასვლას კრიტიკულად აფასებს, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ზურაბიშვილი. მისი თქმით, მთავრობა მომავალს ებრძვის.

დღის ამბები