19 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
0% ბარიერი ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, პარლამენტში შეიყვანოს მისი მხარდამჭერები და შექმნას უმრავლესობა - კორძაია 

მეორე დათმობაა, მაგრამ ნაწილობრივი -  ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი თამარ კორძაია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ 2020 წელს არჩევნები 0% ბარიერითა და პროპორციული სისტემით ჩატარდება.

თამარ კორძაია ამბობს, რომ ეს არ იყო ოპოზიციის სრული სპექტრის მოთხოვნა და 0% ბარიერი ქვეყანაში შექმნის ქაოსს.

გარდა ამისა, მმართველი გუნდი შეძლებს ისევ ადვილად გადაიბიროს ცალკეული პარტიებიდან შესული პოლიტიკოსები, როგორც ეს მაჟორიტარებთან მიმართებაში იყო შესაძლებელი. მისივე განცხადებით, ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა პარტიის სახელით შეიყვანოს პარლამენტში საკუთარი მოკავშირე პირები და ისევ შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა.

„მნიშვნელოვანია, სწორედ ის, რომ ჩვენ ახლა დავიწყოთ დიალოგი და ხელისუფლებამ ისე არ მიიღოს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ითხოვს დიალოგს და არა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. კარგია, რომ უკან დაიხია ხელისუფლებამ. იქ ძალიან გონიერი ადამიანები დგანან და ისინი მიხვდებიან, ივანიშვილს რა უნდა ამით,“-ამბობს თამარ კორძაია.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი მთავარ მოთხოვნაზე ამახვილებს ყურადღებას - მისი თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს თანამდებობა შს მინისტრმა, რომელიც 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედია.  

„მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მას, რომ ეს მოთხოვნები არ იყო პროპორციული და უბარიერო მოთხოვნები, ასევე იყო მთავარი მოთხოვნა გახარიას გადაყენება. გახარიამ დაადასტურა, რომ ის არის ივანიშვილის ერთგულად მორჩილი მინისტრი, რომელიც სერიოზული საყრდენია საარჩევნოდ.

გვთავაზობს ხელისუფლება უბარიერო პროპორციულ სისტემას 2020 წლის არჩევნებისთვის, სადაც გვეყოლება მინისტრად ისევ გახარია.გახარიამ ინადირა პროტესტანტებზე და ის უნდა გადადგეს,“-აცხადებს კორძაია.

 

დღის ამბები