25 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
თქვენ ამ დღეებში რა გამიბედეთ?, რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ, ბოდიში მომიხადეთ და არ გამეკაროთ - ადა მარშანია

თქვენ ამ დღეებში რა გამიბედეთ, რომ გამიბედეთ, რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ - ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტში გააკეთა. დეპუტატმა ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდა და მათგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ადა მარშანიამ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გააკრიტიკა. მისი თქმით, მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, თითქოს, გავრილოვისთვის პარლამენტში ადგილის გათავისუფლებას ცდილობდა. 

„ეს არის აშკარა პროვოკაცია, რაც ამ დარბაზში მოხდა. გადავსებულია პარლამენტის აპარატი „ნაციონალური მოძრაობის“ სადისტებით. როგორ და რანაირად მოხვდა ის გავრილოვი მანდ, მოიკითხეთ თქვენთან. მინდა, მივმართო ე.წ. ტელეარხებს და ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც სინამდვილეში არიან მომსახურე პერსონალი აი, ამ სადისტური პარტიის, რომელიც კოჰაბიტაციაში არის „ქართული ოცნებასთან“ და თანაოკუპანტია გავრილოვის, გავრილოვზე ნაკლებები ესენი არ არიან. თქვენ ამ დღეებში რა გამიბედეთ, რომ გამიბედეთ, რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ, გავრილოვს მე ვუთავისუფლებდი თურმე აქ ადგილს, ეს არის ნაძირლობა თქვენი მხრიდან, პირველის ჟურნალისტები, რომლებსაც პირგველი ჰქვიათ სამართლიანად ხალხში, რუსთავი 2, ცრუსთავი რომ ჰქვია სამართლიანად ხალხში და სამწუხაროდ, ვაი, იმედის ჟურნალისტები ჩემთან ახლოს ინტერვიუზე არ მოხვიდეთ და ჩემს კაბინეტთან ახლოს არ მოხვიდეთ, თქვენ ხართ პროვოკატორები და ამ ბნელი ძალების მომსახურე პერსონალი. ბოდიში მომიხადეთ, რაც მე გამიკეთეთ ამ დღეებში, ნუ მასწავლით, ოკუპანტს როგორ უნდა ველაპარაკო, მე ოკუპანტის ბუდეში ჩავდივარ,თვალებში ვუყურებ და ვეუბნები ოკუპანტს იმას, რაც ეკუთვნის,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები