18 აპრილი 2024,   23:34
ვრცლად
ჯალათები ხართ - დეპუტატებს შორის დაპირისპირება და ხმაური ბიუროს სხდომაზეც გაგრძელდა

პარლამენტის დეპუტატებს შორის დაპირისპირება ბიუროს სხდომაზეც გაგრძელდა. სხდომა პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა.

მისი გასვლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ყოფილ მმართველ გუნდს ჯალათები უწოდა და გაიხსენა ხორავას ქუჩის საქმე. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით უმწვავესი რეკომენდაციები გასცა.

"შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ ქმედებებში იყო ხარვეზები. ვიცით, ნაციონალური მოძრაობა როგორც მართავდა ქვეყანას. მოვითხოვეთ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთა მათ შორის მ.კ-ს პასუხისმგებლობის გამოკვეთა. ჩვენ როგორც ჯალათები, როგორც ეს ადამიანები წლების განმავლობაში იქცეოდნენ ასე არ ვიქცევით. უმკაცრესი რეკომენდაციები გავეცით და პასუხისმგებელი ვართ ამაზე.

კომიტეტი მიმდინარეობდა 7 საათის განმავლობაში, ოპოზიციის ზოგიერთი უპასუხისმგებლო წარმომადგენელი ყველაფერს ცდილობდა, რომ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება. ეს ხალხი არ ეგუება რაც მათ გაბედეს და ჩაიდინეს რუსთაველზე,როდესაც გულანთებული ახალგაზრდები წააქეზეს შტურმისკენ სახელმწიფო ინსტიტუციაზე და განახორციელეს ორგანიზებული შეტევა პოლიციელებზე. ამ ადამიანებს ახასიათებთ ღამით სახლებში შევარდნა, გაუპატიურება და წამება,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

ოხანაშვილის ამ განცხადებას სალომე სამადაშვილის პროტესტი მოჰყვა. მისი თქმით, წარსულის გახსენება ახლა უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ახლა იმ ახალგაზრდებზეა პასუხისმგებელი, ვისაც 20 ივნისის ღამეს თვალები დათხარეს და ჯანმრთელობა დაუზიანეს.

პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

დღის ამბები