20 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
მისი წონა მისი სიტყვების შემდეგ ჩანს - მშვილდაძე პრემიერზე

„სამწუხაროა, როცა უყურებ, რამდენად ბევრი სახელისუფლებო შტო აბსოლუტურად არის აცდენილი ყველაფერს,“ - ეს განცხადება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ გააკეთა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფაქტობრივად კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნა არ შესრულდება და შს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს. 

მიშა მშვილდაძის თქმით, მთავრობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება და პრემიერი გადაწყვეტილებას არ იღებს. ამის მაგალითად კი, მშვილდაძეს 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები მოჰყავს. 

მისი თქმით, პრემიერმა დარბევამდე 10 წუთით ადრე თქვა, რომ „რეზინის ტყვიები და გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ ყოფილა და არც იქნება“.

„ბახტაძემ დარბევის დაწყებამდე ათი წუთით ადრე გამოაცხადა, რომ ჩვენ ის ხალხი არ ვართო, ვინც რეზინის ტყვიებს გამოვიყენებთო. არც კი ვიცი, რამხელა უპასუხისმგებლობა არის ასეთი რამის თქმა და მისი წონაც აქვე ჩანს, პოლიტიკური და ყველანაირი, როცა მისი ამ სიტყვების შემდეგ, ათი წუთის შემდეგ, რა ამბავი ატყდა,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძე შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

რაც შეეხება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ დღის ბოლოს მომიტინგეები ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობით გაემართებიან.

„არ მივალთ ხელცარიელი, საჩუქარს მივუტანთ,“ - ამბობს მშვილდაძე.

დღის ამბები