23 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
ნიკა მელია თავისუფალია - "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის მიერ გაწირული დეპუტატი მოსამართლემ არ დააკავა

ნიკა მელია თავისუფალია - 91 დეპუტატის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის მიერ გაწირული დეპუტატი მოსამართლემ არ დააკავა.

30 ათასი ლარი - სწორედ ამ თანხად შეაფასა მოსამართლე თემურ გოგოხიამ, ნიკა მელიას თავისუფლება. პატიმრობის სანაცვლოდ დაწესებული გირაო მან 20 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. გირაოსთან ერთად კი იმავე მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერს მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესდა.

მოსამართლე გოგოხიას არ განუმარტავს, რატომ არ გაიზიარა მთავარი პროკურორის მოთხოვნა მელიას დაპატიმრების თაობაზე, თუმცა თქვა, რომ დაწესებული შეზღუდვები და გირაო აღკვეთის მიზნის მისაღწევად საკმარისია. იმ პირობებშიც, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამ დროისთვისაც 7 წლის წინ შეფარდებული გირაოს თავდებშია.

მოსამართლე გოგოხიას გადაწყვეტილებას სხდომის დარბაზშიც და სასამართლოს ეზოშიც ოვაციით შეხვდნენ. მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ სასამართლოზე გავლენა ადგილობრივმა და საერთაშორისო ზეწოლამ იქონია.

სასამართლოსგან სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ ელოდა მელიას ადვოკატი. გიორგი კონდახიშვილი ამტკიცებს, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს რითიც პროკურატურის პოზიცია გამყარდება. მისი ინფორმაციით, რამდენიმე ფორსმაჟორში შექმნილ მასალებში უმეტესად ისეთი მოწმეები არიან, რომლებიც ოპოზიციის ლიდერს საერთოდ არ ახსენებენ. ნიკა მელია და მისი ადვოკატი სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ. 

პროკურატურა კი ჯერჯერობით, მოსამართლის დასაბუთებულ განჩინებას ელოდება. მათ აინტერესებთ, რა არგუმენტებით ეთქვათ უარი ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნაზე. სასამართლოს დასაბუთებული განჩინება მხარეებს დღეს ჩაბარდებათ, რის შემდეგაც, პროკურატურას 48 საათიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

დღის ამბები