25 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
„ოცნების“ ურჩი დეპუტატების სია - 4 დეპუტატი შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხონ 

„ოცნების“ ურჩი დეპუტატების სია - საპარლამენტო უმრავლესობის ის წევრები, რომლებმაც არ მისცეს ხმა ოპოზიციონერი დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, თანაგუნდელების მხრიდან რევანშის საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ.

„ოცნების“ ურჩი დეპუტატების სიაში ოთხი პარლამენტარია, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, მარიამ ჯაში და რომან კაკულია. უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ მათი საკითხი საგანგებოდ განსახილველია.

დღეს ბიძინა გეგიძეს არ გაჰკვირვებია, რომ თანაგუნდელები მისით უკმაყოფილო არიან. გეგიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების შემთხვევაში მზადაა, მმართველი გუნდის რიგები დატოვოს, მაგრამ გუშინდელ ნაბიჯს არ ნანობს.

მიუხედავად იმისა, რომ ურჩი დეპუტატები თვითონ არ აპირებენ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას, დღეს „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილი ღიად ამბობს, რომ ამას ელოდება.

ისტორიული კენჭისყრის შესახებ სასაუბროდ უმრავლესობა უახლოეს პერიოდში შეიკრიბება. სავარაუდოდ, იქ მოსთხოვენ პასუხს ოთხივე ურჩ დეპუტატს, საიდანაც ორი პარლამენტში თანამდებობას იკავებს. არაა გამორიცხული, რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა ეკა ბესელიას ბედი გაიზიარონ, როდესაც გუნდთან დაპირისპირების გამო, „ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადააყენა.

რა განაჩენს გამოუტანს „ქართული ოცნება“ ურჩ დეპუტატებს, ჯერჯერობით უცნობია. უმრავლესობის სხდომა უახლოეს დღეებში ჩაინიშნება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენი მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 106 დეპუტატი ეყოლება თუ 4-ით ნაკლები.

ამავე თემაზე
დღის ამბები