16 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
მმართველი გუნდი მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაზე მსჯელობას გეგმავს 

„რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრს შეეზღუდა რაიმე მიზეზით საპარლამენტო საქმიანობის უფლება, დადგება მისი საპარლამენტო საქმიანობის შეჩერებაზე მხოლოდ საკითხი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

გურამ მაჭარაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის 30 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას და გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება. მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტი იმსჯელებს ნიკა მელიასთვის საპარლამენტო საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება უფლებამოსილების შეჩერებას, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს ამაზე მსჯელობა, რადგანაც მას ფიზიკურად არ ექნება საშუალება, რომ მან მიიღოს და შეასრულოს საპარლამენტო საქმიანობა. საცხოვრებელი სახლიდან თუ ის ვერ გამოვა, ვერც პარლამენტში ვერ მივა ხომ, ლოგიკურია, აქედან გამომდინარე, ის ვერ შეასრულებს საპარლამენტო საქმიანობას, აქედან გამომდინარე, რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტის წევრს შეეზღუდა რაიმე მიზეზით საპარლამენტო საქმიანობის უფლება, დადგება მისი საპარლამენტო საქმიანობის შეჩერებაზე მხოლოდ საკითხი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ნიკა მელიას რომ შესაძლოა საპარლამენტო საქმიანობა შეუჩერდეს, ამაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეც.

„შეიძლება ვივარაუდოთ, სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომ რადგან მას აქვს სპეციალური დათქმები გირაოსთან დაკავშირებით, პროკურორის და ზოგადად, პროცესის მწარმოებელი ორგანოს გარეშე მას გადაადგილებაც თავისი სახლიდან შეეზღუდება. ის პრაქტიკულად, ვერ შეძლებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მას სჭირდება საგამოძიებო ორგანოს თანხმობა, რომ გადაადგილდეს ელემენტარულად, მოვიდეს პარლამენტში. მაგრამ ჯერ მაინც უნდა ჩავხედოთ კარგად განჩინებას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები